LIVE

ბორელი: რუსეთის მიერ უკრაინის მარცვლეულის დაბლოკვა "ომის დანაშაულია"

20 ივნ 202214:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
ბორელი: რუსეთის მიერ უკრაინის მარცვლეულის დაბლოკვა "ომის დანაშაულია"

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა დაგმო და მას "ნამდვილი ომის დანაშაული" უწოდა. 

ბორელის განმარტებით, მარცვლეულის ფასის ზრდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გამოუწვევია, რამდენადაც რუსული საკვები და სასუქი შეზღუდვებს არ ექვემდებარება. 

"იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოებას წინ არავინ აღუდგება. წარმოუდგენელია, რომ უკრაინაში ბლოკირებულია მილიონობით ტონა ხორბალი, დანარჩენ მსოფლიოში კი ადამიანები შიმშილით იტანჯებიან", - თქვა ბორელმა. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს "მსოფლიოში შიმშილით თამაში, შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკირება და შეწყვიტოს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურის განადგურება".

ჯოზეფ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო უკრაინიდან მარცვლეულის გატანას ცდილობს და ამ მიმართულებით პროგრესი შესამჩნევია. 

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. შესაძლოა, მსოფლიოში 49 მილიონამდე ადამიანს მოუწიოს შიმშილობა ან აღმოჩნდეს შიმშილობის მსგავს მდგომარეობაში. ქვეყნები გამოსავალს ეძებენ. 

ივნისის დასაწყისში Izvestia-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესიდან შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მარცვლეულით დატვირთულ გემებს თურქული ხომალდები მიაცილებდნენ. ამ საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა. შეხვედრას უკრაინული მხარე არ დასწრებია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინა ანკარაში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო. მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მარცვლეულის ექსპორტის გასაადვილებლად, განსაკუთრებით საზღვაო გზით.

ომში მყოფი ქვეყანა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს და უკრაინულ ტვირთს უსაფრთხოდ გაატარებს. კიევს არგუმენტად მოჰყავს მოსკოვის საჯარო განცხადებები, როცა ის ომამდე რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ თავდასხმას არ გეგმავდა.

გასულ კვირას უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზები მოიძია. განცხადებიდან მე-2 დღეს ესპანეთის ერთ-ერთმა პორტმა დაადასტურა, რომ უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი მიიღეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია