LIVE

რუსეთი და თურქეთი ოდესიდან მარცვლეულის გადაზიდვის გეგმაზე თანხმდებიან

06 ივნ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
რუსეთი და თურქეთი ოდესიდან მარცვლეულის გადაზიდვის გეგმაზე თანხმდებიან

ოდესიდან შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მარცვლეულით დატვირთულ გემებს თურქული ხომალდები მიაცილებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი გაზეთ Izvestia-ზე დაყრდნობით წერს.  

რუსული გამოცემის ინფორმაციით, "საგზაო რუკა" ანკარასთან და კიევთან შეთანხმებულია და ის ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თურქეთში ვიზიტის დროს დამტკიცდება, თუმცა, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ წინადადებას უკრაინა კვლავ სკეპტიკურად უყურებს. ჯერჯერობით უცნობია, გაგზავნის თუ არა კიევი თურქეთში მოლაპარაკებაზე საკუთარ წარმომადგენელს.

"შეთანხმების მიღწევის შესახებ წინასწარი კომენტარით, რუსეთი ცდილობს მიწოდების შეფერხებაზე პასუხისმგებლობა უკრაინაზე გადაიტანოს", - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტარას კაჩკამ.

მაისის ბოლოს რუსეთმა პირობა დადო, რომ უკრაინული პორტებიდან საზღვაო დერეფნებს გახსნიდა, თუმცა უკრაინა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს და გემებს უსაფრთხოდ გაატარებს. 

"საბოლოოდ პრობლემა ისაა, რომ რუსეთს ვერ ენდობი, მაშინაც კი, თუ ის ხელს აწერს უსაფრთხო გატარების გარანტიას", - თქვა კულებამ.

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ. რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი 62%-ით შემცირდა. პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს. 

G-7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინული მარცვლეულის სატრანსპორტო მარშრუტებს და შესანახ ობიექტებს, ზრდის მსოფლიო ფასებს და ქმნის "სასტიკი შიმშილის" საფრთხეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია