LIVE

თურქეთი უკრაინიდან მარცვლეული ექსპორტის გეგმას "გონივრულს" უწოდებს

08 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 434
თურქეთი უკრაინიდან მარცვლეული ექსპორტის გეგმას "გონივრულს" უწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის გაეროს გეგმას "გონივრულს" უწოდებს და მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკებებს ითხოვს იმისათვის, რომ გემების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

ჩავუშოღლუმ დღეს ანკარაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უმასპინძლა. თურქი მინისტრის თქმით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეაჩერა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. გაერომ ომში მყოფ მხარეებს და თურქეთს, როგორც ზღვით მოსაზღვრე ქვეყანას, კორიდორის მოწყობისა და ექსპორტის აღდგენის წინადადებით მიმართა. 

"უკრაინული მარცვლეულის ბაზარზე გასატანად სხვადასხვა იდეა გავრცელდა. მათგან ყველაზე ახალი გაეროს გეგმაა მექანიზმი, რომელიც შეიძლება გაეროს, უკრაინას, რუსეთსა და თურქეთს შორის შეიქმნას. ჩვენ ამას გონივრულად მივიჩნევთ", - თქვა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ გეგმა უკრაინისთვის და რუსეთისთვის მისაღები უნდა იყოს

შეხვედრას უკრაინული მხარე არ დასწრებია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინა ანკარაში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო. მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მარცვლეულის ექსპორტის გასაადვილებლად, განსაკუთრებით საზღვაო გზით.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ უკრაინამ გამოავლინა მზადყოფნა, უსაფრთხოდ გაიარონ გემებმა დანაღმული ტერიტორია, მაგრამ ექსპორტის აღდგენაზე დასტური ჯერ არ გაუცია.

ომში მყოფი ქვეყანა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს. კიევს არგუმენტად მოჰყავს მოსკოვის საჯარო განცხადებები, როცა ის ომამდე რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ თავდასხმას არ გეგმავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კრემლი მზად არის, დაპირება რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტით დაამტკიცოს.

თურქეთი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან, აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს "დაკვირვების მექანიზმში", თუ შეთანხმება მიღწეული იქნება.

მიმდინარე კვირაში Izvestia-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესიდან შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მარცვლეულით დატვირთულ გემებს თურქული ხომალდები მიაცილებენ. 

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ. რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი 62%-ით შემცირდა. პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს. 

G-7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინული მარცვლეულის სატრანსპორტო მარშრუტებს და შესანახ ობიექტებს, ზრდის მსოფლიო ფასებს და ქმნის "სასტიკი შიმშილის" საფრთხეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკაში.