რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა “რკინის ფარდის” მიღმა არ აღმოჩნდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა.
კითხვაზე, ჩინეთთან და ინდოეთთან შესაძლო სავაჭრო გარიგებების შესახებ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ღია დარჩება.
“ჩვენ არ გვექნება დახურული ეკონომიკა, ასე არასოდეს ყოფილა და არც ვიქნებით. ჩვენ არ გვქონდა დახურული ეკონომიკა - უფრო სწორად, საბჭოთა დროს გვქონდა, როცა ე.წ. რკინის ფარდა შევქმენით, ჩვენი ხელით შევქმენით, იგივე შეცდომას არ დავუშვებთ. ჩვენი ეკონომიკა ღია იქნება”,- განაცხადა პუტინმა.
დასავლეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ბუნებრივი რესურსების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
საბჭოთა კავშირში დაბადებულმა პუტინმა 2005 წელს სსრკ-ს დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, რადგან ათობით მილიონი რუსი გაღატაკდა და თავად რუსეთი დაშლის წინაშე აღმოჩნდა.
მოსკოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მსხვილი ამერიკული და ევროპული კომპანიები და ინვესტორები რუსეთს ტოვებენ, ქვეყანა ზურგს შეაქცევს დასავლეთს და ყურადღებას გაამახვილებს საკუთარი ინდუსტრიის განვითარებაზე და პარტნიორობის გაძლიერებაზე ჩინეთთან, ინდოეთთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
პუტინი ამბობს, რომ დასავლეთს სურს რუსეთის განადგურება და სანქციები ეკონომიკური ომის გამოცხადებას ჰგავს.
დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ის განვითარებული სამყაროდან განდევნა. ქვეყნიდან კორპორაციული გიგანტები გაიქცნენ, ბევრი ემშვიდობება მილიარდობით დოლარის აქტივებს და ეკონომიკა ღრმა რეცესიისკენ მიექანება.
ამასთან, დასავლური სანქციების შედეგად რუსეთში იმპორტი კოლაფსის პირასაა. რუსეთში გაყიდვები სავაჭრო პარტნიორებისგან, რომლებიც ერთობლივად იმპორტის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ 2021 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აპრილში დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს, მაგალითად ჩინეთი, მიწოდებას ამცირებენ.
შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მომავალი წლის ბოლომდე ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 18%-ით შემცირებას გამოიწვევს.