LIVE

რუსეთში იმპორტი კოლაფსის პირასაა

08 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
რუსეთში იმპორტი კოლაფსის პირასაა

Bloomberg-ის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის მცდელობები, შეცვალოს სავაჭრო ნაკადები და გვერდი აუაროს უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს, ვერ ანაზღაურებს იმპორტის კოლაფსს, რაც ზიანს აყენებს მის ეკონომიკას. მიმდინარე წლის აპრილში ბელარუსიდან რუსეთში იმპორტმა პირველად გადაუსწრო გერმანიას. 

“ბაზარი პრაქტიკულად დაინგრა. დღეს ძალიან რთულია ტვირთის ჩამოტანა ევროპიდან, ზოგჯერ თითქმის შეუძლებელიც კი”, - ამბობს ანდრეი პობეჟიმოვი, საერთაშორისო ლოგისტიკის ხელმძღვანელი ექსპრეს მიწოდების ერთ-ერთ უდიდეს კომპანია CDEK-ში.

რუსეთმა გაართულა ეკონომიკის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება, რადგან შეწყვიტა ძირითადი სტატისტიკის გამოქვეყნება, მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის დეტალური აღწერა. ამის მიუხედავად, სურათი, რომელიც ჩნდება რუსეთის უმსხვილესი პარტნიორების მიერ მოწოდებული მონაცემებიდან, კომერციული იერარქიის გადატრიალებაა.

რუსეთში გაყიდვები სავაჭრო პარტნიორებისგან, რომლებიც ერთობლივად იმპორტის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ 2021 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აპრილში დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს, მაგალითად ჩინეთი, მიწოდებას ამცირებენ. 

უკრაინაში შეჭრა იყო სასტიკი დარტყმა ეკონომიკისთვის, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმდენად იყო ჩართული მსოფლიო ვაჭრობაში, რომ მისი იმპორტი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ომის დაწყებამდე, შესამჩნევად აღემატებოდა განვითარებადი ბაზრების წილს, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი.

ომით გამოწვეულმა გლობალურმა რეაქციამ გაწყვიტა მიწოდების ჯაჭვები და აიძულა მრავალი კომპანია, დაეტოვებინა რუსული ბაზარი. კრემლს მოუწია სავაჭრო სქემების შეცვლა, ახალი მარშრუტების ძიება ან საქონლის მიწოდების სხვა გზების პოვნა. Otkritie Research-ის შეფასებით, აპრილში იმპორტის ღირებულება შესაძლოა გასული წლის $27 მილიარდიდან $5 მილიარდამდე შემცირდეს.

“იმპორტის კოლაფსი ავსებს მიმდინარე ანგარიშს, მაგრამ ასახავს მტკივნეულ კორექტირებას, რომელიც გავრცელდება მთელ ეკონომიკაში. სანამ მიწოდების ჯაჭვები არ აღდგება, მწარმოებლები წააწყდებიან შეფერხებებს და ცხოვრების სტანდარტები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება”,- ამბობს Bloomberg-ის ეკონომისტი, სკოტ ჯონსონი.

მას შემდეგ, რაც ევროპის უმეტეს ქვეყნებთან ვაჭრობა შეწყდა, ბელარუსი ხდება ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი. მისი ექსპორტი რუსეთში, სამშენებლო მასალებიდან შინაური ცხოველების საკვებამდე, ღირებულების თვალსაზრისით აპრილში 100%-ზე მეტით გაიზარდა.

წინ კიდევ ერთი დიდი საფრთხეა - მომავალ თვეში ევროკავშირის სანქციების მეხუთე რაუნდი სრულად შევა ძალაში.

იმპორტის კოლაფსი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეარყია რუსეთის ეკონომიკა ომის დროს. ამ პროცესს ცენტრალურმა ბანკმა “უკუ ინდუსტრიალიზაცია”უწოდა.

საავტომობილო ქარხნები, რომლებშიც ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული, დაიხურა კომპონენტების დეფიციტის გამო, ხოლო ჩვეულებრივი ქაღალდი დეფიციტური გახდა. რუსეთის ცენტრალური ბანკი კი ელის, რომ იმპორტის ნაწილი გადავა “შატლურ ვაჭრობაზე”, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო, როდესაც ხალხი მასობრივად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, რათა საქონელი მოეტანათ ღია ბაზრებზე გასაყიდად.

უცხოეთიდან სამომხმარებლო საქონლის გადაზიდვის ახალი გზების ძიებაში, მსხვილმა რუსულმა სატვირთო გადამზიდავმა Fesco-მ გადაზიდვის ახალი ხაზი აამოქმედა ვიეტნამის პორტებსა და მის ტერმინალს შორის ვლადივოსტოკში. მისი სხვა ახალი ინიციატივები მოიცავდა საკონტეინერო მიმოსვლის დაწყებას სტამბოლსა და ნოვოროსიისკს შორის შავ ზღვაზე და სარკინიგზო მიმოსვლას დასავლეთ ევროპაში.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, პერსპექტივა ბუნდოვანია. ოფიციალური პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საქონლის იმპორტი რეალურად მეოთხედზე მეტით შემცირდება.

გარდა იაფი სესხებისა და მძიმე მრეწველობის სუბსიდირებისა, მთავრობამ ბევრ საქონელზე საბაჟო გადასახადი მოხსნა და შავ ბაზარზე გაყიდვები დაუშვა, რასაც პარალელური იმპორტად მოიხსენიებენ.

რუსეთის საგარეო ვაჭრობის აკადემიის პროფესორის, ანდრეი გოლუბჩიკის თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, შესაძლოა სულ უფრო მეტად გახდეს იმპორტის გამტარი. მისი თქმით, ირანის გავლით ინდოეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიწოდება განახლდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია