LIVE

მუშაობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

05 ივნ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
მუშაობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, როცა აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყეს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან განაცხადა, რომ მათ პუტინის საომარი მანქანისთვის ძლიერი დარტყმის მიყენება სურდათ.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის 100 დღის შემდეგ, ეს მანქანა ჯერ კიდევ მუშაობს და მას ფულის ნაკადი ამუშავებს. რუსეთი მხოლოდ ენერგორესურსებიდან: ნავთობიდან და გაზიდან შესაძლოა, დღეში საშუალოდ $800 მილიონს იღებდეს. 

წლების განმავლობაში, რუსეთი მოქმედებდა, როგორც უზარმაზარი სასაქონლო სუპერმარკეტი, რომელიც ყიდდა იმას, რაც სჭირდებოდა სამყაროს: არა მხოლოდ ენერგიას, არამედ ხორბალს, ნიკელს, ალუმინს და პალადიუმს. უკრაინაში შეჭრამ აშშ და ევროკავშირი აიძულა, რომ გადახედონ ამ კავშირს. ეს დროს მოითხოვს, თუმცა პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით ევროკავშირმა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რუსული ნავთობის იმპორტის შესახებ კომპრომისული შეთანხმების მიღწევით.

დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ის განვითარებული სამყაროდან განდევნა. ქვეყნიდან კორპორაციული გიგანტები გაიქცნენ, ბევრი ემშვიდობება მილიარდობით დოლარის აქტივებს და ეკონომიკა ღრმა რეცესიისკენ მიექანება. 

მაგრამ ამ დროისთვის პუტინს მიყენებული ზარალის იგნორირება შეუძლია. რადგან ქვეყანას გლობალურად გაზრდილი ფასების წყალობით ექსპორტით მიღებული შემოსავალი ეზრდება, რაც  ნაწილობრივ აკომპენსირებს მის დანაკარგებს.

Bloomberg Economics-ის შეფასებით, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ან ეტაპობრივად აჩერებს ენერგიის შესყიდვას, რუსეთი ნავთობის და გაზის გაყიდვით მიმდინარე წელს დაახლოებით $285 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. სხვა საქონლის ექსპორტის დამატებით, თანხა სანქციების ფარგლებში გაყინულ $300 მილიარდიან საგარეო რეზერვს აჭარბებს. 

ევროკავშირის ლიდერებმა იციან, რომ მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთისგან იმპორტი, მაგრამ ასევე იციან, რომ ამას მათ ეკონომიკაზეც ექნება გავლენა.  

Institute of International Finance-ის მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუქსი ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ ენერგეტიკული ემბარგო დააზარალებს. 

აშშ-ის ოფიციალური პირები მსჯელობენ ფინანსური ზეწოლის გაძლიერების გზებზე, რაც შეიძლება იყოს რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების ხელშეწყობა ან იმ ქვეყნებისა და კომპანიების სანქცირება, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, რუსულ ბიზნესთან ვაჭრობას აგრძელებენ. მაგრამ ასეთი მეორადი სანქციები საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს.

შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა რუსული ნავთობი, მაგრამ ევროპა მასზე დამოკიდებულებას მხოლოდ ამცირებს. ეს მოსკოვს აძლევს დროს, რომ მოძებნოს სხვა ბაზრები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი და ექსპორტიდან შემოსავალზე დარტყმა შეამციროს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთს თვის განმავლობაში მხოლოდ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 50%-ით გაეზარდა. მოსკოვში მდებარე SberCIB Investment Research-ის შეფასებით, თითქმის ათწლეულის განმავლობაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის ნავთობის ტოპ მწარმოებლებმა მიიღეს ყველაზე მაღალი კომბინირებული მოგება.

ამასთან, გრძელდება რუსული ხორბლის ექსპორტი, თანაც უფრო მაღალ ფასებში. რუსეთის სოფლის მეურნეობაზე სანქციები დღის წესრიგში არ დგას, რადგან მსოფლიოს მისი მარცვლეული სჭირდება. 

საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ყველაზე ფართო ინდიკატორი - მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლის პირველ ოთხ თვეში სამჯერ გაიზარდა და თითქმის $96 მილიარდი შეადგინა.

პუტინი ცდილობს, რომ რუსეთმა სასაქონლო ზესახელმწიფოს პოზიცია დაიკავოს. სურსათის დეფიციტთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ის ამბობს, რომ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ სანქციები მოიხსნება.

რუსეთისთვის სანქციების ერთ-ერთი დიდი ხვრელია სხვა ქვეყნების მზადყოფნა, გააგრძელონ რუსული ნავთობის ყიდვა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ფასდაკლებით. 

ინდოეთის გადამამუშავებელმა ქარხნებმა ომის დაწყებიდან მაისის დასაწყისამდე 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი შეიძინეს. Bloomberg-ის გათვლებით, ეს 20%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის განმავლობაში რუსეთ-ინდოეთის ნაკადები. მწარმოებლები საჯარო ტენდერების ნაცვლად, ცდილობენ კერძო გარიგებები დაამყარონ, რათა რუსული ნავთობი საბაზრო ფასებზე იაფად მიიღონ. რუსეთთან ენერგეტიკულ კავშირებს აძლიერებს ჩინეთიც, რათა უფრო იაფად შეიძინოს ნავთობი, რომელსაც სხვაგან ერიდებიან. მან გაზარდა იმპორტი და აწარმოებს მოლაპარაკებებს სტრატეგიული ნედლი მარაგების რუსული ნავთობით შესავსებად.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ფოლადისა და ნახშირის შემთხვევაშიც. საბაჟო ოფისის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან იმპორტი მესამედ გაიზარდა და გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგდა. რუსული ნავთობისა და ნახშირის ზოგიერთი გამყიდველი ჩინელი მყიდველებისთვის საქმის გაადვილების მიზნით, შეეცადა, რომ ტრანზაქციები იუანში დაეშვა. 

რაც შეეხება გაზს, რუსეთს მიწოდების გადამისამართების ნაკლები ვარიანტი აქვს. ევროკავშირის გაზის საჭიროების დაახლოებით 40%-ს რუსეთი აკმაყოფილებს და მასზე უარის თქმა ბლოკისთვის ყველაზე რთულია. 

ევროპული მიწოდება თებერვალსა და მარტში გაიზარდა, რადგან ომმა ევროპის გაზის ცენტრებში ფასების ზრდა გამოიწვია, ხოლო რუსული Gazprom-დან გრძელვადიანი კონტრაქტების მქონე მომხმარებლების უმეტესობისთვის შესყიდვები უფრო იაფი გახდა. გაზის მოცულობა ტემპერატურის მომატებისა და აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდული შემოდინების წყალობით შემცირდა. ასევე სამხედრო ოპერაციებმა გამოიწვია შეფერხებები და თავად რუსეთმა შეუჩერა გაზის მიწოდება, რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ამცირებს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, სირთულეები თავს ყოველ ნაბიჯზე იჩენს. 

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ნელია, შეზღუდვების მიმართულებისკენ ტენდენცია ძლიერდება და გაურკვეველი გრაფიკის პირობებშიც კი, რუსეთის ეკონომიკასა და პუტინის ფინანსებზე ზეწოლა საბოლოოდ გაიზრდება.

გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს საბაზისო პერსპექტივის თანახმად, წელს ნავთობის მოპოვება შეიძლება 9%-ზე მეტით, ხოლო გაზის გამომუშავება 5,6%-ით შემცირდეს.

Bloomberg-ს ორიგინალური სტატია