LIVE

ევროზონაში ინფლაცია ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ განსხვავდება

03 ივნ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
ევროზონაში ინფლაცია ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ განსხვავდება

ევროზონაში ინფლაციის რეკორდული ზრდის ფონზე, სავალუტო ბლოკის 19 წევრს შორის ფასების ზრდის უმაღლეს და უდაბლეს მაჩვენებლებს შორის სხვაობა ასევე ახალ სიმაღლეებს აღწევს.

ინფლაციის მასშტაბები მერყეობს მალტადან, სადაც სამომხმარებლო ფასები გასულ თვეში 5.6%-ით გაიზარდა, ესტონეთამდე, სადაც ინფლაცია 20.1%-ს აღწევს. სხვაობა ქვეყნებს შორის 14 პროცენტულ პუნქტზე მეტია, რაც 1999 წელს ევროს გამოსვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

განსხვავებები დიდწილად ეროვნულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ზოგი მთავრობა ნაკლებად ცდილობს ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირებას, რომელიც ფასების მკვეთრ ზრდას აფიქსირებს. ზოგიერთი მთავრობა კი სხვებზე მეტ დახმარებას სთავაზობს შინამეურნეობებს, რათა ფასების ზრდასთან გამკლავება შეძლონ.

სიტუაცია კიდევ ერთი გამოწვევაა ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთის რეკორდულად დაბალი დონეებიდან გაზრდა სურს ისე, რომ კონტინენტის პანდემიური აღდგენა არ შეფერხდეს.

ევროზონის წევრებს შორის ექვსს ინფლაციის 10%-ზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჯგუფში ბალტიის სამი ქვეყანა ლიდერობს, რომლებიც ბლოკს ყველაზე ბოლოს შეუერთდნენ.

ცნობისთვის, უკვე 10 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ ჰორობინი