LIVE

მარგველაშვილი: პოლიტიკურად და პრინციპულად მნიშვნელოვანია გადავიხდით თუ არა გაზისთვის რუბლში

28 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1070

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მურმან მარგველაშვილის განცხადებით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს არ უნდა გაუჭირდეს რუსული გაზის ჩანაცვლება.

როგორც მარგველაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რუბლში გადაიხდის თუ არა საქართველო რუსული გაზის საფასურს, თუმცა, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთიდან ჩვენი შესყიდვა არის მთელი მოხმარების 10%. ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით რით გადავუხდით რუსეთს გაზის საფასურს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქვს პოლიტიკური და პრინციპული მნიშვნელობა, აჩვენებს რომელ მხარეს ვდგავართ. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ რუსული გაზის ალტერნატივა მოვიძიოთ. ზაფხულში აზერბაიჯანული გაზის წყალობით ფაქტობრივად თვითკმარი ვართ და ეს ზამთარშიც არ უნდა იყოს დიდი პრობლემა“,- აცხადებს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო რუსული გაზის საფასურის გადახდას დოლარში გააგრძელებს. 

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ ბუნებრივი აირის იმპორტში $181.1 მილიონი გადაიხადა, საიდანაც რუსეთისათვის გადახდილმა თანხამ 17.6% ანუ $31.9 მილიონი შეადგინა. 

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რომლის შეუსრულებლობის გამო, Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება უკვე შეუჩერა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში მოქმედ კომპანიები გააფრთხილა, არ გადაიხადონ რუბლში. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, გაზის ოთხმა ევროპელმა მყიდველმა უკვე გადაიხადა რუბლში. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს.

ოფიციალურად პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.