LIVE

EU აფრთხილებს კომპანიებს, რუსეთს გაზის საფასური რუბლში არ გადაუხადონ

28 აპრ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
EU აფრთხილებს კომპანიებს, რუსეთს გაზის საფასური რუბლში არ გადაუხადონ
Bloomberg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს აფრთხილებს, რომ არ დაემორჩილონ რუსეთის მოთხოვნას და არ გადაიხადონ გაზის საფასური რუბლებში.

გუშინ Gazprom-ის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის გათიშვის შემდეგ, დადასტურდა, რომ რუსეთის მუქარა რეალურია. ახლა განსაკუთრებული ინტერესია რუსული გაზის უმსხვილესი ევროპული მომხმარებლების: გერმანიისა და იტალიის რეაქციის მიმართ. ევროპა ცდილობს შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ეს უკვე გამოწვევაა.

Gazprom-თან დაახლოებული პირის თქმით, ზოგიერთი ევროპული კომპანია ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს ემორჩილება. იტალიური ენერგეტიკული გიგანტი Eni ემზადება მოთხოვნის შესასრულებლად, გერმანული Uniper კი მიიჩნევს, რომ მოახერხებს გაზის ყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიოს.

Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანული, ავსტრიული, უნგრული და სლოვაკური ენერგოკომპანიები შვეიცარიაში Gazprombank-ში რუბლის ანგარიშების გასახსნელად ემზადებიან.

"კომპანიები არ უნდა დაეთანხმონ რუსეთის მოთხოვნებს. ეს იქნება სანქციების დარღვევა, რაც კომპანიებს მაღალი რისკის ქვეშ აქცევს", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიამ ასევე განაცხადა, რომ კომპანიებმა უნდა განაგრძონ საფასურის ევროებში გადახდა, ევროკავშირის მითითებების შესაბამისად. ამასთან, გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, კონტინენტი მზად უნდა იყოს უფრო ფართო შეზღუდვისთვის.

"რუსეთი აჩვენებს, რომ მზადაა სერიოზულად მოეკიდოს კონტრაქტის ან გადახდის შეუსრულებლობას. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს ევროპის სხვა ქვეყნებსაც ეხება",- ამბობს ჰაბეკი.

ჰაბეკის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუ კომპანიები საფასურს ევროში გადაიხდიან.

 

რუბლებში გადახდის ვადა მომდევნო თვეში იწურება, ამიტომ ბლოკის წევრი ქვეყნების მთავრობებს და კომპანიებს ცოტა დრო რჩებათ გადაწყვეტილების მისაღებად. 

გადახდის განრიგი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. როგორც ჩანს, პოლონეთი იყო მათ შორის, ვისაც გადახდა ადრე მოუწია. სხვებს მისთვის მეტი დრო აქვთ. მაგალითად, Uniper-ს, საფასურის გადახდა მაისის ბოლომდე არ ევალება.

ვარშავა მთელი ომის განმავლობაში გამოირჩევა რუსეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით და დიდი ხნის განმავლობაში ლობირებდა ენერგეტიკულ სანქციებს.

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა. პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.

პუტინის თქმით, რუბლებზე გადასვლა ხელს შეუწყობს გაზიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლების სანქციებისგან და დაყადაღებისგან დაცვას. ამ ნაბიჯის კიდევ ერთი მიზანი Gazprombank-ის სანქციებისგან დაცვაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ აინგერი, აიინ როჯერსი და ბირგიტ ჯენენი