მაისში უცხოეთიდან საქართველოში $339.85 მილიონი გამოგზავნეს (911 მლნ ლარი), რაც წლიურად 7.1% ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მაისის გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირში მყოფ ემიგრანტებზე მოდის - 148.4 მილიონი დოლარი და მთლიანი თანხის 43.7 პროცენტი.
წლიურ ჭრილში ევროკავშირიდან გზავნილები 6%-იან ზრდას აჩვენებს. ყველაზე მეტ თანხებს კი იტალიაში, გერმანიაში და საბერძნეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აგზავნიან.
8.1%-ით გაიზარდა გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც - თითქმის 64 მილიონ დოლარამდე, ხოლო ისრაელიდან წლიური ზრდა 22.7%-ია და თანხა 29 მილიონ დოლარს აჭარბებს.
წლიურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს რუსეთსაც - მაისში რუსეთიდან გადმორიცხული თანხები 11.4%-ით გაიზარდა თითქმის 49 მილიონ დოლარამდე. საგულისხმოა, რომ რუსეთიდან გზავნილები წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად მზარდია.