LIVE

რუსეთი “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზის საფასურს რუბლში გადაახდევინებს

23 მარ 202217:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1819
რუსეთი “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზის საფასურს რუბლში გადაახდევინებს

უახლოს მომავალში რუსეთი არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდებზე გადადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

პუტინმა დაავალა ცენტრალურ ბანკს, ერთი კვირის განმავლობაში შეიმუშაოს მექანიზმი რუბლში გადახდების განხორციელებისთვის.

“გადავწყვიტე, უმოკლეს დროში განვახორციელო ღონისძიებები ე.წ. “არამეგობრული ქვეყნებისთვის” მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადარიცხვის მიზნით. სავსებით აშკარაა, რომ ჩვენთვის აზრი არ აქვს საქონლის აშშ დოლარში, ევროსა და სხვა რიგ ვალუტებში მიწოდებას”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას კონტრაქტებით გათვალისწინებული ფასისა და მოცულობების შესაბამისად.

"არამეგობრული ქვეყნების" სიაში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.

სიაში ასევე შედიან აზიის სახელმწიფოები: იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

"არამეგობრული ქვეყნების" სიაში აღარ არის საქართველო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია