LIVE

თალიბანმა TikTok-ი აკრძალა

21 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
თალიბანმა TikTok-ი აკრძალა
Brent Lewin/Bloomberg

ავღანეთში ByteDance-ის TikTok ვიდეო აპლიკაცია აიკრძალება. თალიბანის პრესსპიკერის განმარტებით, გადაწყვეტილება მორალური პოლიციის მოქმედების ნაწილია.

"ფართოდ გავრცელებულ სოციალური მედიის აპლიკაციას ახალგაზრდა თაობა შეცდომაში შეჰყავს. TikTok-ის ბინძური შინაარსი არ შეესაბამებოდა ისლამურ კანონებს", - წერს ინამულა სამანგანმა Twitter-ზე.  

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა ასევე მიიღო პოპულარული სამხრეთ კორეული თამაშის PUBG-ის დაბლოკვისა და ავღანეთის სატელევიზიო არხებზე "ამორალური" შინაარსის გაშვების აკრძალვის გადაწყვეტილება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაჯგუფებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპლიკაცია აკრძალა. 

"ბევრი პრეტენზია მივიღეთ იმის შესახებ, თუ როგორ კარგავს ხალხი დროს TikTok-ზე და PUBG-ის თამაშის დროს. კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს დაევალა ინტერნეტ სერვერებიდან აპლიკაციების ამოღება, რათა ისინი ავღანეთში ყველასთვის მიუწვდომელი გახდეს," - ამბობს სამანგანი.

ავღნეთში მიმდინარე წლის დასაწყისში 40-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. ავღანეთის ოფიციალური ინფორმაციით, 2021-დან 2022 წლამდე ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებლები 7%-ით გაიზარდა. სოციალური მედიის ქსელებიდან ქვეყანაში პოპულარულია Facebook და WhatsApp.

თალიბანის მიერ TikTok-ის აკრძალვა დაჯგუფების მკაცრი რელიგიური საპოლიციო კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ის ასევე მოიცავს გოგონებისთვის საშუალო სკოლის განათლების შეჩერებას, საჯარო მოხელეებისთვის წვერის ტარების იძულებას და ქალებისთვის 70 კმ-ზე შორ მანძილზე ოჯახის წევრი მამაკაცის გარეშე გადაადგილების აკრძალვას

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა