LIVE

გოგონებისთვის სწავლის აკრძალვის გამო, მსოფლიო ბანკი ავღანეთში $600 მლნ-ის პროექტებს აჩერებს

30 მარ 202221:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 834
გოგონებისთვის სწავლის აკრძალვის გამო, მსოფლიო ბანკი ავღანეთში $600 მლნ-ის პროექტებს აჩერებს

თალიბანის მიერ გოგონებისთვის საჯარო სკოლებში სწავლის აკრძალვის გამო, მსოფლიო ბანკმა ავღანეთში შეაჩერა ოთხი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება $600 მილიონია.  

პროექტები, რომლებიც განახლებული Afghanistan Reconstruction Trust Fund-ის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო, გაეროს სააგენტოებს სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და საარსებო წყაროების პროექტების მხარდასაჭერად უნდა განეხორციელებინა.

ბანკის მოთხოვნით, ARTF-ის მიერ დაფინანსებული ყველა აქტივობა უნდა ემსახურებოდეს ავღანეთში ქალებისა და გოგონებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. შესაბამისად, პროექტები ARTF დონორებს დასამტკიცებლად მხოლოდ მაშინ წარედგინება, როცა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნდებიან, რომ პროექტების მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

ავღანეთში გოგონებისთვის სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილების გამო, გასულ კვირას აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააუქმეს დოჰაში თალიბანთან დაგეგმილი შეხვედრები.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ 1 მარტს დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც ARTF-ის ფონდიდან $1 მილიარდზე მეტი მოხმარდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და საარსებო პროგრამების დაფინანსებას. 

ARTF გაიყინა გასული წლის აგვისტოში, როდესაც თალიბები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ქვეყნებმა ასევე შეწყვიტეს ავღანეთის ფინანსური დახმარება, რომელიც სახელმწიფო ხარჯების 70%-ზე მეტს შეადგენდა. ამან ავღანეთის ეკონომიკური კოლაფსი დააჩქარა. 

ახალი პროექტებისთვის ARTF-ის სახსრების გათავისუფლების პირობა ქალებისა და გოგონების ჩართულობის გაზრდა და მხარდაჭერა იყო. 

თალიბანის ლიდერებმა შემოიღეს არაერთი წესი, რომელიც ქვეყანაში ქალების უფლებებს ზღუდავს, მათ შორის, მე-7 კლასის შემდეგ, გოგონების უმეტესობას აეკრძალა სკოლაში სიარული. 

თალიბანი აცხადებს, რომ ყველა გოგოს საკლასო ოთახებში დაბრუნების უფლება მიმდინარე თვის ბოლოს მიეცემა.