LIVE

თალიბანმა ქალებს შორ მანძილზე მარტო მგზავრობა აუკრძალა

27 დეკ 202116:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1392
თალიბანმა ქალებს შორ მანძილზე მარტო მგზავრობა აუკრძალა
GETTY IMAGES

თალიბების გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილდებიან, ტრანსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოემსახურებათ, თუ თან ახლობელი მამაკაცი ახლავთ. 

უახლესი დირექტივა, რომელიც გაცემულია თალიბანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მიერ, ვრცელდება მგზავრობაზე, რომელიც 72 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაადგილებას გულისხმობს. 

"თავს საშინლად ვგრძნობდი. დამოუკიდებლად გასვლა არ შემიძლია. რა უნდა გავაკეთო, თუ მე ან ჩემი შვილი ავად ვართ და ჩემი ქმარი ჩვენთან არ არის? თალიბებმა ჩვენ ბედნიერება წაგვართვეს... მე დავკარგე დამოუკიდებლობაც და ბედნიერებაც",-  უთხრა ქაბულში მცხოვრებმა ბებიაქალმა ფატიმამ BBC-ს ჟურნალისტს. 

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს მანქანების მფლობელებს, მგზავრობაზე უარი უთხრან ქალებს, რომლებსაც არ აქვთ ისლამური სახის საფარი ან ჰიჯაბი, თუმცა არ არის ნათქვამი, თუ რომელი სახის საფარი გამოიყენონ. ავღანელი ქალების უმეტესობა თავსაბურავს უკვე ატარებს. 

ბრძანება მანქანებში მუსიკის მოსმენასაც კრძალავს. 

ქალების გადაადგილების შესახებ დირექტივა არის ქალთა უფლებების მორიგი შეზღუდვა მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ჯგუფმა აგვისტოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. მას შემდეგ ქვეყანაში ქალების უფლებები არაერთხელ შეიზღუდა. 

გოგონებისთვის დახურულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უმეტესობა, ხოლო ქალების უმეტესობას მუშაობა აეკრძალა. ორგანიზაცია Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვა ქალებს აიძულებს უფრო მეტად ჩაიკეტონ. 

თალიბანი დასაქმებული ქალების უმეტესობას სახლში დარჩენასაც ურჩევს. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდვები "დროებითია", თუმცა მათი წინა მმართველობის დროს, 1990-იან წლებში ავღანეთში ქალებს აეკრძალათ განათლების მიღება და მუშაობა.

გასულ თვეს ჯგუფმა ქალების სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაც აკრძალა, ხოლო ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს ეკრანზე თავსაბურავის ტარება უბრძანა.

ქვეყანა განიცდის ღრმა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო მხარდაჭერა დიდწილად შეწყდა.