LIVE

რიყის დოქები ₾10 020 000-ად გაიყიდა

24 მარ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1880
რიყის დოქები ₾10 020 000-ად გაიყიდა

მეშვიდე აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები 10 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა. 
როგორც "ბიზნეს ფორმულას" ქონების სააგენტოდან აცნობეს, რიყის დოქები „Global Victory Trust“-მა იყიდა. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, აქამდე ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა.

ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. რიყის დოქები მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა. მეხუთე უშედეგო აუქციონზე კი, რომელიც 29 დეკემბერს გამოცხადდა, დოქების გასაყიდი ფასი 30 მლნ ლარი იყო. მეექვსე აუქციონზე ფასი 10 მილიონ ლარამდე შემცირდა.

Global Victory Trust-ის შესახებ:

ქონების სააგენტოს მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.