ე.წ. რიყის დოქები 10 მილიონ ლარად გაიყიდება,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ დოქების ღირებულება პირველ შეთავაზებასთან შედარებით 85 მლნ ლარით გააიაფა.
მინისტრის განცხადებით, ინვესტორი ვალდებული იქნება 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, მთავრობა რიყის დოქებში მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს
„დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობს, წარმატებული იქნება და აუქციონის შედეგად ეს ობიექტი გაცოცხლდება. გვინდა, რომ ეს ადგილი, მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი იყოს. განსაზღვრულია როგორც ტექნოლოგიური, ასევე სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცისა და ღვინის მუზეუმის მოწყობა. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც მსოფლიოში შეიძლება იყოს. ის ეროვნულ მუზეუმში ინახება, მაგრამ გვინდა, რომ სამუზეუმო სივრცე მოეწყოს, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ყველა მნახველს თანამედროვე საშუალებებით, ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს. ამ კუთხით დაინტერესება არის“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 5-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა. ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. რიყის დოქები მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა. მეხუთე უშედეგო აუქციონზე კი, რომელიც 29 დეკემბერს გამოცხადდა, დოქების გასაყიდი ფასი 30 მლნ ლარი იყო.