LIVE

რიყის დოქების ინვესტორი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია - დეტალები

25 მარ 202215:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1398
რიყის დოქების ინვესტორი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია - დეტალები

ე.წ „რიყის დოქების“ მფლობელი კომპანია, Global Victory Trust-ი აცხადებს, რომ შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმები ამოქმედდება.

რაც შეეხება დეტალებს კომპანიის შესახებ, რომელმაც რიყის დოქები 10 020 000 ლარად იყიდა, ქონების სააგენტოს მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

როგორც კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან წარდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს იქნება დავით ხიდაშელის ოჯახის სოციალური ინვესტიცია საქართველოს დედაქალაქის კულტურულ და შემეცნებით-საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

„ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, აიტი აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი. ეს იქნება ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ამ სივრცეების დამთვალიერებელს შეუქმნის წარმოდგენას საქართველოზე, როგორც მდიდარი ისტორიისა და არანაკლებ შთამბეჭდავი მომავლის შესახებ“,- აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დავით ხიდაშელი კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, ის მთავარი მოწმეა. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, რუკა რუსეთში მოიპოვა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა. დავით ხიდაშელი რუსეთში მოღვაწე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.