LIVE

RE/MAX Capital: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა უნდა აეკრძალოთ

28 თებ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1696
RE/MAX Capital: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა უნდა აეკრძალოთ

უძრავი ქონების კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.

„მივმართავ უძრავი ქონების პროფესიულ კავშირებს, ფედერაციებს, ბიზნეს ასოციაციებს, დეველოპერებს, ბროკერებს, გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა. ჩვენი კომპანია დაფუძნების დღიდან, უკვე 8 წელია არ ღალატობს ამ პრინციპულ, ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას - ჩვენ არც ერთი ქონება არ გვაქვს გაყიდული რუსეთის მოქალაქეზე, ჩვენ არ ვეხმარებით რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს უძრავი ქონების დასაკუთრებაში",- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ასათიანმა.

მისი თქმით, აკრძალვა უნდა შეეხოს არა ეთნიკურ რუსებს ან სხვა რომელიმე ეთიკური ჯგუფის წარმომადგენელს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ, შეზღუდვა აღარ გავრცელდეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი თითქმის გააორმაგა და 20%-მდე გაზარდა, რაც რუსეთში სესხებს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს მნიშვნელოვნად გააძვირებს. ამას ემატება რუსული ბანკებისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიც - სანქცირებული VTB იპოთეკურ სესხებზე განაკვეთს 4 პროცენტული პუნქტით ზრდის.