LIVE

თურქეთი ეკონომიკის გრავიტაციის კანონს ვერ უარყოფს

21 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
თურქეთი ეკონომიკის გრავიტაციის კანონს ვერ უარყოფს
Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის დიდი ნაწილი ეკონომიკური ლოგიკის უარყოფის მცდელობაში გაატარა. დროა ერდოღანმა თურქული ბიზნესისა და მომხმარებლების, ასევე საკუთარ პოლიტიკური მომავლის გამო, კურსი შეცვალოს.

ტრადიციული ხედვის საწინააღმდეგოდ, ერდოღანი დიდი ხანია დარწმუნებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთების გაზრდა, რომელსაც მან ყველა ბოროტების დედა და მამა უწოდა, ინფლაციას ხელს უწყობს. მაშინაც კი, როდესაც ფასები მკვეთრად იზრდება, ხოლო ლირა უფასურდება, ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში განაკვეთები კიდევ 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა. პარალელურად, მოქალაქეები დეპოზიტების ლირაში შენახვაში რომ დაერწმუნებინა, ერდოღანმა დოლართან მიმართებით ლირას შემდგომი გაუფასურების კომპენსირების დაპირება გასცა.

გასაკვირი არაა, რომ შედეგები დამღუპველი იყო. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 36%-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. ლირა დაახლოებით 46%-ით გაუფასურდა. თურქები პურის რიგებში დგანან, ზოგი კი ქვეყნიდან გარბის.

მცირე საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ლირაში დეპოზიტების გარანტირების ექსპერიმენტი სიტუაციას გააუმჯობესებს. ეკონომისტების უმეტესობა კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს, რადგან თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. ამასთან, მეანაბრეებისთვის გაცემული დაპირებების შესრულება შეიძლება მთავრობას ძვირი დაუჯდეს. S&P-მა და Fitch Ratings-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა უარყოფითამდე შეამცირა.

საზოგადოების მზარდმა უკმაყოფილებამ თურქული ოპოზიცია გაამხნევა. არსებობს რისკი, რომ ერდოღანი ზეწოლის ქვეშ გატყდება. მან უკვე გასცა გაფრთხილებები ქუჩის პროტესტის წინააღმდეგ. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ის შეიძლება შეეცადოს ხელი შეუშალოს 2023 წლის არჩევნებს ხელისუფლებაში დარჩენისთვის, რაც კონსტიტუციურ კრიზისს გამოიწვევს.

თუმცა, არსებობს უფრო მარტივი და ბევრად ეფექტური გზაც, ერდოღანმა ცენტრალურ ბანკს მოვალეობის შესრულების საშუალება უნდა მისცეს. Bloomberg Economics-ი აღნიშნავს, რომ წარსულში ლირას სტაბილიზაციისთვის რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციას 2%-დან 3%-მდე აჭარბებდა. ახლა, სავარაუდოდ, ზრდის სერია იქნება საჭირო.

მიმდინარე კვირის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კარგი ადგილი იქნება ამის დასაწყებად. რაც უფრო დიდხანს ელოდება ცენტრალური ბანკი განაკვეთების გაზრდას, ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდება, ერდოღანი კი თავის თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარედაქციო კოლეგია