LIVE

აშშ-ში ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმზეა

12 იან 202222:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 1049
აშშ-ში ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმზეა

აშშ-ში დეკემბერში წლიური ინფლაცია 7%-მდე დაჩქარდა, რაც 1982 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების საერთო დონის ასეთი ზრდა საფუძველს ამზადებს ფედერალური სარეზერვო სისტემისთვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს.

ამასთან, შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი, რაც პროგნოზებს აჭარბებს.

ინფლაციის საბაზო მაჩვენებელი, რომელსაც სურსათისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტები აკლდება ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა - წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით, წლიურ ჭრილში კი 5,5%-ით, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ნახტომია.

სამომხმარებლო ფასების ზრდას წინ უძღოდა საცხოვრებლისა და მეორადი ავტომობილების ფასების ზრდა. ენერგიის ფასები, რომელიც 2021 წლის ძირითად ნაწილში ინფლაციისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იყო, გასულ თვეში შემცირდა.

მონაცემები აძლიერებს მოლოდინს, რომ Fed-ი რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მარტში დაიწყებს, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა გასული თვეების პროგნოზების ფონზე. დაჩქარებული ინფლაცია უფრო უმართავი და ფართოდ გავრცელებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ცენტრალური ბანკი იმედოვნებდა, რაც საქონელზე უპრეცედენტო მოთხოვნასა და მიწოდების შეზღუდვების ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების მაღალი დონე ანალიტიკოსების მხრიდან 2022 წლის ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ გამოწვევად სახელდება

მაღალი ინფლაციის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც, სადაც გასული წლის მეორე ნახევარში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9%-მდე დაჩქარდა, რის საპასუხოდან საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ამასთან, მართალია, სებ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, თუმცა განსხვავებით აშშ-სგან თუ ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან, საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი სურსათია, რაც ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე საზოგადოების დიდ ნაწილზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ პიკერტი