LIVE

გვენეტაძე: მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა

03 დეკ 202119:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1258
გვენეტაძე: მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია არსებულზე ცოტა უფრო მაღალიც იყოს.

როგორც გვენეტაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა.

"ეს გლობალური პრობლემაა და დიდწილად კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება. მიწოდებების ჯაჭვის დარღვევამ და მისმა თანმდევმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა იგივე პრობლემები შექმნა, მაგალითად აშშ-ი, სადაც ინფლაცია 6.2%-ს აღწევს. გერმანიაში ინფლაცია ბოლო 50 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ინფლაცია მაღალი იქნებოდა. არ არის გამორიცხული დეკემბერში, იანვარში და თებერვალში  წლიური ინფლაცია ცოტა კიდევ უფრო მაღალიც იყოს.

8 დეკემბერს შეიკრიბება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ",- აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. მეხუთე თვეა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.