ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ინფლაციას ეკონომიკის ზრდის ნომერ პირველი მტერი უწოდა და მომავალი წლიდან საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელ ზრდაზე მიანიშნა.
Fed-მა დააჩქარა აქტივების შესყიდვის პროგრამის შემცირება და შეიმუშავა საგზაო რუკა მომავალი წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ზრდისთვის - 2022 წელს სამი ზრდა იგეგმება.
პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა მალე დაიწყოს ფინანსური სისტემიდან ლიკვიდობის ამოღება.
„პანდემიასთან დაკავშირებული დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის და ეკონომიკის გახსნა ინფლაციის დაჩქარებას აგრძელებს. ვირუსის ახალი ტალღების გამო ეს პრობლემები უფრო მასშტაბური და ხანგრძლივია ვიდრე მოსალოდნელი იყო. შედეგად, ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალია და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მომდევნო წელსაც“,- აღნიშნა პაუელმა.
ფინანსურმა ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ სწრაფად შეცვალა ცენტრალური ბანკის რიტორიკა და ინვესტორები ელიან, რომ Fed-ი ფასების სწრაფ ზრდას საპროცენტო განაკვეთის თანდათანობითი მატებით შეაჩერებს, რაც მნიშვნელოვნად არ დააზიანებს ეკონომიკის ზრდას.
Fed-ი ელის ინფლაციის შენელებას მომავალ წელს და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა საპროცენტო განაკვეთის ზრდის შესამჩნევად უფრო მაღალ ტემპი, ვიდრე ამას ორი თვის წინ პროგნოზირებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ბანკის განცხადება ეხებოდა Covid-19-ის ახალი ვარიანტებიდან მომდინარე ეკონომიკურ რისკებს, პაუელი ამტკიცებს, რომ ზრდა ძლიერია და ვაქცინირებული ამერიკელები ვირუსთან თანაცხოვრებას სწავლობენ.
ცნობისთვის, აშშ-ში წლიური ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარდა და ნოემბერში 6.8% შეადგინა, Fed-ის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 2%-ია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რიჩ მილერი, სტივ მეთიუსი და კრისტოფერ კონდონი