LIVE

2020 წელს შინამეურნეობების 63%-ის რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა - PMCG

13 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018

PMCG-ის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების საშუალო თვიური რეალური  შემოსავალი 2010-დან 2020 წლამდე 163 ლარით, 732 ლარამდე გაიზარდა და 2013 წლის დონემდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ პანდემიამ განაპირობა. რეალური შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (806 ლარი) 2016 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ნომინალურ შემოსავალს, კვლევის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2010 წელს საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 569 ლარი იყო, 2020 წლისათვის კი - 1029 ლარი. ბოლო ათწლეულში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. შესაბამისად, საშუალო რეალური შემოსავალი, ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, მოკრძალებულად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2020 წელს საქართველოში შინამეურნეობების 63%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. მეტიც, 2010 წლის ფასებზე მორგებული შემოსავლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების 63%-ს რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა.

PMCG-ის ინფორმაციითვე, 2010-2020 წლებში, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი, ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე, მოსახლეობის წილი 37%-დან 21%-მდე შემცირდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2010 წლიდან 2015 წლამდე 15.7 პროცენტული პუნქტით დაიკლო, ხოლო მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. ამასთან, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების წილი 11.4%-დან 13%-მდე გაიზარდა. COVID-19-ის კრიზისის გამო კი, 2021 წლის აგვისტოში შემწეობის მიმღებთა წილი 16.7%-მდე გაიზარდა.

სიღარიბის გასაზომად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი საარსებო მინიმუმია, რადგან ეს მაჩვენებელი გამოიყენება აბსოლუტური სიღარიბის დონის განსაზღვრისას. საშუალო ზომის შინამეურნეობის საარსებო მინიმუმი აღნიშნავს შემოსავლის მინიმალურ დონეს, რომელიც საჭიროა საქართველოში საშუალო ოჯახის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

"2010-2020 წლებში საშუალო ოჯახისთვის ყოველწლიური საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდებოდა, გარდა 2012, 2013 და 2016 წლებისა, როდესაც აღინიშნებოდა კლება. 2010 დან 2020 წლამდე საარსებო მინიმუმი 96 ლარით გაიზარდა და 321 ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციის მაღალმა დონემაც იქონია და რეალური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნებოდა",- წერია კვლევაში.

PMCG-ის განცხადებით, აბსოლუტური სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად, შესაძლოა საჭირო იყოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა.