დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა, რაც 10-წლიანი მაქსიმუმია. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.3% იყო.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.
რაც შეეხება ფასების დონის ზრდის მიზეზებს წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი კვლავ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფია, რომელშიც ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ელის, რომ ინფლაცია 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.