LIVE

საბაზო სცენარით, 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 8.5% იქნება - სებ

23 დეკ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1275
საბაზო სცენარით, 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 8.5% იქნება - სებ

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდება. შესაბამისად, მომავალ წელს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირების კვალდაკვალ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება",- აღნიშნულია ეროვნული ბაკის საპროგნოზო სცენარში.

სებ-ის პროგნოზით, მომავალ წელს ქვეყანაში ინფლაცია 7% იქნება, ეკონომიკური ზრდა კი 5%.

საბაზო სცენარის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. 

რაც შეეხება სებ-ის ოპტიმისტურ სცენარს, მომავალ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8% იქნება, ინფლაციის მაჩვენებელი 5.5%, ეკონომიკური ზრდა კი 6%.

პესიმისტური სცენარის მიხედვით კი, რეფინანსირების განაკვეთი დღეს არსებულს 0.5%-ით გადააჭარბებს და 11% იქნება. ინფლაცია 8%-ზეა ნავარაუდები, ეკონომიკა კი მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. 

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე ძვირი ღირს.