LIVE

Bloomberg: ივანიშვილმა Credit Suisse-ის საქმეზე ჩვენება საქართველოდან მისცა

18 ნოე 202112:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 5526

Bloomberg-ის ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება, თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან მისცა. გამოცემა წერს, რომ შვეიცარიული ბანკის საქმეზე 2019 წლის ბოლოს Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ, ეს ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო.  

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი Credit Suisse Life-ს ბერმუდის განყოფილებას ადანაშაულებს, რომ თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა და აღმოფხვრა ვერ შეძლო, რის გამოც, მილიარდერმა $400-მილიონიანი დაკარგა. 

ივანიშვილი ბანკს უკვე წლებია სხვადასხვა სასამართლოს მეშვეობით ედავება. ბერმუდის სასამართლომ საქმის მორიგი განხილვა 15 ნოემბერს დაიწყო

გუშინდელ ჩართვაში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ მის მიმართ მოპყრობა ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე შეხვედრია. 

„ისეთი უხეშობები, რაც განვიცადე Credit Suisse-თან ურთიერთობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია. მე არასოდეს მინახავს, რომ კლიენტს სხვაგან ასე ცუდად ეპყრობოდნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა.

ჩემი გამოცდილებით, რაც ბანკებთან თანამშრომლობით ან ბანკების მფლობელობაში მიმიღია, მსგავსი რამ, რაც მოხდა Credit Suisse-ში არასდროს მინახავს“,- თქვა ივანიშვილმა.

ადვოკატმა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ უპასუხა მის ერთ-ერთ შეკითხვას, იქამდე სანამ ის ქართულად ითარგმნებოდა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ არ მალავს ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობას, რომელსაც მოგზაურობისთვის და მარტივი საუბრებისთვის იყენებს, თუმცა წინა კითხვას მაინც პასუხობდა. 

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციის ჩადება ბანკში, რომელთანაც არასდროს ჰქონია შეხება, ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ნდობისა და რეპუტაციის საკითხია და ის კომპანიის სახელს ენდო. 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.  

16 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ბანკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება

ივანიშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას დღესაც განაგრძობს. დღეს და ხვალ მისი ბიზნეს-მრჩევლის გამოკითხვაც იგეგმება. CS Life-ის ხელმძღვანელი პირები ჩვენებას მომავალ კვირას მისცემენ. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ უმდიდრესი ქართველია. მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს უსწრებდა, ამჟამად $6.06 მილიარდით სიის 491-ე ადგილს იკავებს, ბიძინა ივანიშვილი კი $6.10 მილიარდით 487-ე ადგილზეა. 

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვა. ქართული მედია ცდილობს დაადგინოს, იმყოფება თუ არა ოლიგარქი საქართველოში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი