LIVE

Credit Suisse ივანიშვილზე: ასე იქცევიან ოლიგარქები

17 ნოე 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1522
Credit Suisse ივანიშვილზე: ასე იქცევიან ოლიგარქები

ქართველმა მილიარდერმა, რომელმაც Credit Suisse Group AG-ის ყოფილი თანამშრომლის თაღლითობის გამო, დიდი ოდენობით თანხა დაკარგა, დანაკარგის ნაწილზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - ამის შესახებ შვეიცარიული ბანკის ადვოკატმა გუშინ გამართულ სასამართლოზე ისაუბრა.  

„სარისკო ფარმაცევტული აქციების მოსინჯვა - აი, ამას აკეთებენ ოლიგარქები, რომლებსაც გარანტირებული ფული აქვთ. Credit Suisse-მა რა უნდა ქნას?", თქვა Credit Suisse-ის ბერმუდის განყოფილების ადვოკატმა სტივენ მოვერლი სმიტმა სასამართლო პროცესის დაწყებისას.

სმიტი გულისხმობდა დიდ ფსონს, რომელიც მსჯავრდადებულმა თაღლითმა პატრის ლესკოდრონმა, ბიძინა ივანიშვილის სახელით Raptor Pharmaceutical Corp-ში განათავსა.  

სწორედ Raptor-ის აქციების მკვეთრმა ვარდნის შემდეგ გახდა ცნობილი ლესკოდრონის თაღლითობის შესახებ, რომელიც თითქმის ათწლეულის მანძილზე შეუმჩნეველი იყო.

მოვერლი სმიტი ამბობს, რომ ბანკთან ერთად, მის ინვესტიციებს ივანიშვილი ან მისი პირადი მრჩეველი აკონტროლებდა და არა CS-ის ბერმუდის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილება. ასე რომ, CS Life-ისთვის ამ ინვესტიციების შესრულების მონიტორინგი „სრულიად არათანმიმდევრულია“.

ადვოკატი ამბობს, რომ მომჩივანი ვერ ასახელებს კონკრეტულ ტრანზაქციას, რამაც ზარალი გამოიწვია.

"უბრალოდ არ არსებობს მასალა, რომ დავასკვნათ, საქმე გვქონდა გაყალბებასთან, რომელმაც რაიმე ზარალს გამოიწვია",- თქვა მოვერლი სმიტმა.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ლესკოდრონი ივანიშვილს წელიწადში მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში ხვდებოდა. ივანიშვილი მას ენდობოდა და მისი სახელით ინვესტირებას ფართო დისკრეცია ჰქონდა.

დაახლოებით 2012 წლიდან, ლესკადრონმა თავის კლიენტებს მოუწოდა, რომ Raptor-ში დიდი ინვესტიცია განეხორციელებინათ. მალევე ივანიშვილი აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი გახდა. როდესაც 2015 წლის სექტემბერში Raptor-მა გამოაცხადა, რომ ახალი წამლის ცდამ წარუმატებლად ჩაიარა, მისი აქტივების ფასი 37%-ით დაეცა. 

Credit Suisse-ის საქმის განხილვა, რომელშიც ივანიშვილი ფიგურირებს, ბერმუდის სასამართლომ 15 ნოემბერს დაიწყო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი