LIVE

ივანიშვილის ადვოკატი სასამართლოს Credit Suisse-ს თანამშრომლების დაკითხვისკენ მოუწოდებს

15 ნოე 202122:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
ივანიშვილის ადვოკატი სასამართლოს Credit Suisse-ს თანამშრომლების დაკითხვისკენ მოუწოდებს

ბერმუდას სასამართლომ დღეს განაახლა შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს საქმის განხილვა. 

ბანკის თანამშრომლის თაღლითობის მსხვერპლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოს მოუწოდა დაკითხოს Credit Suisse-ს თანამშრომლები და მეტი მტკიცებულება შეაგროვოს. 

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს. 

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, Credit Suisse Life-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მან თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა და აღმოფხვრა ვერ შეძლო. ადვოკატი ჯო სმუჰა სხვა თანამშრომლებთან ერთად, ლესკოდრონის განყოფილების უფროსის დაკითხვასაც მოითხოვს.

"სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ არ ყოფილა რაიმე შეცდომა, თაღლითობა, გადაცდომა, ყალბი ხელმოწერები, არაავტორიზებული გადარიცხვები, არასათანადო გარიგება, როდესაც თანამშრომლები და უფროსი პირები, რომლებიც ჯერ კიდევ ბანკში მუშაობენ, ვისაც შეუძლია და უნდა აძლევდეს ჩვენებას ამ საკითხებზე, გამოძახებულები არ არიან",- ამბობს ადვოკატი. 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკოდრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი