LIVE

Yandex პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჯარიმას გაასაჩივრებს

24 სექ 202414:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 293
Yandex პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჯარიმას გაასაჩივრებს

მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შპს „რაიდტექ ჯორჯია“ (Yandex Go-ს სერვისის მიმწოდებელი საქართველოში) პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემაში ამხილა და ამის გამო 4000 ლარით დააჯარიმა, თავად კომპანია აცხადებს, რომ მონაცემების შესანახად ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს იყენებს და გეგმავს ჯარიმა გაასაჩივროს. 

თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ Yandex-ის აპლიკაციაში საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების - მგზავრების და მძღოლების - პერსონალური მონაცემები, კერძოდ IP მისამართებზე წვდომა ჰქონდათ რუსეთში მდებარე სერვერებს.

"შემოწმების დაწყებამდე შპს "რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული – მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე," ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამსახურმა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ 4 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დაავალა, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მგზავრების და მძღოლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შეწყვეტა.

"საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ“- აცხადებს Ridetech Georgia.

საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბერში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ირწმუნებოდა, რომ Yandex საქართველოში რეგისტრირებული პირების პერსონალურ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) ან სხვა მესამე პირს ვერ გადასცემდა.