LIVE

FSB Yandex-ის ქართველი მომხმარებლების მონაცემებს ვერ მიიღებს - მონაცემთა დაცვის სამსახური

30 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 492
FSB Yandex-ის ქართველი მომხმარებლების მონაცემებს ვერ მიიღებს - მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოკვლევის თანახმად, აპლიკაცია Yandex.Go რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) ან სხვა მესამე პირს მომხმარებელთა პირად მონაცემებს ვერ გადასცემს.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია ტაქსის სერვისის პროვაიდერ ნიდერლანდურ კომპანია International B.V.-სთან თანამშრომლობის საფუძველზე აქვთ.

უფრო დეტალურად, მოკვლევის შედეგად, რომელიც სამსახურმა აგვისტოში დაიწყო, ირკვევა, რომ კომპანიის მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია დაყოფილია ქვეყნების მიხედვით და დაშიფრულია, რაც მესამე პირს მასზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. საუბარია, როგორც ადგილმდებარეობასა და გადაადგილების მარშრუტებზე, ისე სხვა პირად მონაცემებზე, როგორებიცაა - სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტა და სხვა.

„ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა აპლიკაციის საშუალებით. მესამე პირებისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის არცერთი პერსონალური მონაცემი (მათ შორის, ტელეფონის ნომრები და, არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის სახელი), რადგან სისტემა, სადაც აღნიშნული მონაცემები ინახება, მას გაუგებარს ხდის, როგორც ადამიანებისათვის, ისე მანქანური წამკითხველის ფორმატებისთვის და ა.შ.“,- აღნიშნავენ უწყებაში.

სამსახურის ინფორმაციით, Ridetech International-ში აცხადებენ, რომ კომპანიაზე ვრცელდება ნიდერლანდების იურისდიქცია და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას კომპანიაში შენახული მონაცემების მიღება მხოლოდ ნიდერლანდების ხელისუფლების ორგანოებისთვის ოფიციალურად მიმართვის გზით შეუძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია International B.V. საქართველოდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში არ იყენებს საქართველოში არსებულ არცერთ ტექნიკურ საშუალებას. შესაბამისად, მათ მიერ მონაცემების დამუშავებაზე არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) Yandex-ის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნებოდა.

ფაქტს გამოეხმაურა Yandex Go Georgia-ც, სადაც „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ კომპანია Ridetech International B.V. მომხმარებელთა მონაცემებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამუშავებს.