LIVE

რუსული Yandex-ი $5 მილიარდად გაიყიდება - ალექსანდრე ჩაჩავა ახალ მფლობელებს შორისაა

05 თებ 202417:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2003
რუსული Yandex-ი $5 მილიარდად გაიყიდება - ალექსანდრე ჩაჩავა ახალ მფლობელებს შორისაა

ნიდერლანდურმა კომპანიამ, Yandex N.V.-მ რუსეთის ბაზარზე მოქმედი ბიზნესის $5,2 მილიარდად გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

რუსულ ტექნოლოგიურ კომპანია Yandex-ს კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტისგან შემდგარი კონსორციუმი ყიდულობს. მათთან ერთად კონსორციუმში ნავთობის გიგანტ Lukoil-თან დაკავშირებული ფონდი და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი ერთიანდება, ერთ-ერთია LETA Capital-ის დამფუძნებელი და ვიდეოთამაშების შემქმნელი კომპანია My.Games-ის მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავა, ასევე პაველ პრასი, რომელიც რუსეთში სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფლობს და ალექსანდრე რიაზანოვი, ბიზნესმენი, რომელიც ადრე Gazrprom-ის უმაღლესი აღმასრულებელი იყო.

Yandex-ის მშობელი კომპანიის განცხადებით, კონსორციუმის არცერთი წევრი არაა სანქცირებული აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ. კომპანიის უდიდეს წილს Yandex-ის მენეჯმენტისგან შემდგარი ჯგუფი მიიღებს, 10%-ს კი Lukoil-ი.

კომპანიის განცხადების თანახმად, ინვესტორები მიიღებენ წილებს Yandex International-ში, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთის კალინინგრადის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში. გარიგების ღირებულება - 475 მილიარდი რუბლი, კორექტირებას ექვემდებარება, ხოლო გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულისა და მშობელი კომპანიის A კლასის აქციების ერთობლიობით.

გარიგების პირველი ნაწილში, რომელიც 2024 წლის პირველ ნახევარში დაიხურება, კონსორციუმი კომპანიის 68%-იანი წილისთვის 230 მილიარდ რუბლსა და 67,8 მლიონ აქციას გადაიხდის. Yandex-ის განცხადებით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორება მოხდება ჩინურ იუანში, რუსეთის საზღვრებს გარეთ. გარიგების მეორე ნაწილი 7 კვირის შემდეგ დასრულდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გასაყიდ ფასზე აისახა 50%-იანი ფასდაკლების მოთხოვნა, რომელსაც რუსეთის მთავრობა დასავლურ კომპანიებს, ბაზრის დატოვების შემთხვევაში უწესებს.

გარიგება, რომელსაც ნიდერლანდური კომპანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 18 თვის  განმავლობაში აწარმოებდა, მას საშუალებას მისცემს თავისი პროექტები საზღვარგარეთ განახორციელოს. Yandex N.V. ინარჩუნებს 1 300 თანამშრომელსა და სხვადასხვა სახის საქმიანობას, ღრუბლოვანი სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და განათლების მიმართულებით.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივნისში Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ამის შემდეგ მან აღმასრულებლის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა.

კომპანია 2007 წლიდან ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. უკრაინის ომის დაწყებამდე მისი აქციები Nasdaq-ზე ივაჭრებოდა.