LIVE

მასკი Media Matters-ს X-ზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ჩივილით ემუქრება

19 ნოე 202313:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 223
მასკი Media Matters-ს X-ზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ჩივილით ემუქრება

ილონ მასკი ორგანიზაცია Media Matters-ს და მათ, ვინც სოციალურ მედია პლატფორმას X-ს უტევს, სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

მილიარდერი და მისი პლატფორმა ანტისემიტური და რასისტული შინაარსის პოსტების გამო, მთელი კვირაა ყურადღების ცენტრშია. თეთრმა სახლმა მასკი დაადანაშაულა "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის საზიზღარ პროპაგანდაში", რომელიც ამერიკელების მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

სადამკვირვებლო ჯგუფმა Media Matters for America-მ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ IBM-ის, Apple-ისა და სხვა კომპანიების რეკლამები პლატფორმაზე ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის პროპაგანდის გვერდითაა განთავსებული. 

16 ნოემბერს მასკმა დაუჭირა მხარი ანტისემიტურ პოსტს, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში პლატფორმაზე რეკლამის განთავსება შეაჩერეს Apple-მა, IBM-მა, Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და სხვა მსხვილმა დამკვეთებმა. 

მასკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში Media Matters for America-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორად ასახავს X-ზე არსებულ რეალობას, ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას და რეკლამის განმთავსებლები შეცდომაში შეჰყავს.

Media Matters-ის განცხადებით, მასკი "უმართლო სარჩელით" იმუქრება. 

"თუ ის გვიჩივლებს, გავიმარჯვებთ", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

სარეკლამო შემოსავლების დაკარგვის გამო, წარსულში მასკი სამართლებრივი დავით დაემუქრა Anti-Defamation League-ს, არაკომერციული ორგანიზაციას, რომელიც ანტისემიტიზმს ებრძვის, თუმცა მას ADL-სთვის მას ჯერ არ უჩივლია.

სამოქალაქო ჯგუფების თანახმად, მას შემდეგ, რაც მასკმა პლატფორმა 2022 წლის ოქტომბერში იყიდა, ქსელში შემცირდა მოდერაციის წესები, რამაც სიძულვილის ენის ზრდა გამოიწვია. ამის გამო, მასთან თანამშრომლობაზე უარი არაერთმა მსხვილმა კომპანიამ თქვა. 

გასულ თვეში Bloomberg-ი წერდა, რომ პლატფორმა X ახლა იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე ილონ მასკმა ერთი წლის წინ გადაიხადა. გამოცემის წყაროს თანახმად, კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა $45-ს, მისი კაპიტალიზაცია კი $19 მილიარდს შეადგენს. მილიარდერმა პლატფორმა გასულ წელს $44 მილიარდად იყიდა. 

Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლებში ანტისემიტიზმი შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში იზრდება. ADL-ის თანახმად, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის  400%-ით გაიზარდა.