მომავალ წელს საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს სებ-ის ახალი ხელმძღვანელის მოწესრიგებული დანიშვნა,- ამის შესახებ საქართველოზე ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ნათია თურნავას დანიშვნის საკითხი, ასევე თურნავას გადაწყვეტილებით, სანქციების აღსრულების წესში შესული ცვლილება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კობა გვენეტაძის შემცვლელის დანიშვნის პროცესის სათანადოდ უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
კერძოდ, 2023 წლის თებერვალში, პარლამენტის მიერ მიღებულის ცვლილებების შედეგად სებ-ში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებით, რომელზეც პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, საბოლოოდ ნათია თურნავა განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა, ევროკომისია მიუთითებს, რომ: „ეს არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც მოითხოვს, რომ ცენტრალური ბანკების დებულებები უნდა ითვალისწინებდეს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მკაფიო წესებს, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი გარე ჩარევის თავიდან ასარიდებლად.“
ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა ნათია თურნავას მიერ, აშშ-ში ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაც.
„სექტემბერში სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილების გამო, შეეცვალა ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ქართველი-რუსი ბიზნესმენისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ“,- აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გარკვეული დათქმებით.