ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკი და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო, სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.
"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ ინფორმაციას, რა ფუნქციები აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორია მისი შემადგენლობა და რა შემთხვევაში გახდება უფუნქციო.
ეროვნული ბანკის საბჭო ფუნქცია-მოვალეობები
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. რაც შეეხება მის ფუნქციებს, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:
- განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები;
- დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;
- დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი;
- შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;
- განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;
- გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
- განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები;
- დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება;
- დანიშნოს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, და განსაზღვროს ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
- შეასრულოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
ეროვნული ბანკის საბჭოს სტრუქტურა
ზოგადად, საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება, თუმცა მასში ამჟამად 7 წევრია. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შესაბამისად, ამჟამად საბჭოს ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან ვიცე-პრეზიდენტები და საბჭოს სხვა წევრები.
ეროვნული ბანკს ტოვებენ პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა და არჩილ მესტვირიშვილი, შესაბამისად საბჭოში 4 წევრი რჩება: ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი.
რა შემთხვევაში გახდება ქმედითუუნარო?
ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, რომლებიც ამავდროულად სებ-ის საბჭოს ტოვებენ, აქტუალური გახდა კითხვა, იქნება თუ არა საბჭო ქმედითი.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. გადამდგარი ვიცე-პრეზიდენტები თანამდებობებზე განცხადების დაწერიდან ორი თვე კიდევ დარჩებიან, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში საბჭო ფუნქციონირებას შეძლებს.
თუ ვიცე-პრეზიდენტების მიერ თანამდებობების ოფიციალურად დატოვების შემდეგ, ვაკანსიები მაქსიმუმ 2 თვეში არ დაკომპლექტდება, საბჭოს უფლებამოსილება შეუჩერდება. პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საბჭოს ოფიციალურად ნოემბრის ბოლოსთვის დატოვებენ და 7-ის ნაცვლად საბჭოში 4 წევრი დარჩება.
„თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში.
აღსანიშნავია, ისიც, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელ წევრს, რობერტ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა ეწურება. შესაბამისად, საბჭოს ფუნქციონირების გასაგრძელებლად, მინიმუმ ორი ახალი წევრის დამატება იქნება საჭირო.
საბჭოს ახალი წევრების შერჩევა
საბჭოს ქმედითუუნარობის შესაძლო დადგომას კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის ის ფაქტი, რომ ამჟამად საბჭოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორი კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.
კერძოდ, პარლამენტში ხვალ იწყება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, რომლებიც სავარაუდოდ პარლამენტის მხარდაჭერას დაიმსახურებენ, რადგან მათ შესაძლოა გადამწყვეტი როლიც კი ითამაშონ საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნანა ყეინიშილი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, პარლამენტმა სებ-ის საბჭოში ზურაბიშვილის წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო. ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოში, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, ასარჩევად პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. "ქართულ ოცნებაში" მიზეზად კანდიდატურების კონსულტაციების გარეშე წარდგენას ასახელებდნენ.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.
სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.