22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს.
შედეგად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. თურნავამ იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საბჭოს 7 წევრიდან მას მხარი 5-მა დაუჭირა, 2-მა კი თავი შეიკავა.
„ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა, ვინ დაუჭირა მხარი ნათია თურნავას სებ-ის პირველ-ვიცე პრეზიდენტად დანიშვნას. სებ-იდან გამოთხოვილი საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ თანამდებობაზე ნათია თურნავას კანდიდატურა თავად თურნავამ და საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ეკატერინე გალდავამ წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ გალდავა 2020 წლამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ხელმძღვანელობდა.
გალდავამ სხდომაზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის მიერ სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, თუმცა რადგან ცვლილებები ძალაში შევიდა, მხარს ნათია თურნავას კანდიდატურას უჭერდა.
რაც შეეხება კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების ხმების გადანაწილებას, თურნავას სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას მხარი დაუჭირეს: ნათია თურნავამ, ნიკოლოზ გაგუამ, ეკატერინე გალდავამ, ეკატერინე მიქაბაძემ და პაპუნა ლეჟავამ.
მხარდაჭერისგან კი თავი ორმა წევრმა, არჩილ მესტვირიშვილმა და რობერტ სინგლეტარმა შეიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ნათია თურნავას არჩევამდე მის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა სებ-ში ახალია და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებებით შეიქმნა. საჭიროების შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. პირველ ვიცე-პრეზიდენტს ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია, რასაც წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებს.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომლებზე ასარჩევადაც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი იყო საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის საკითხიც. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილი წარედგინა, თუმცა შეთანხმება დაარღვია.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
- პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ნათია თურნავა (თურნავა საბჭოს წევრად პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 2022 წლის ივნისს აირჩია);
- საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა;
- საბჭოში ამ დროისთვის 3 არააღმასრულებელი წევრია: ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.