LIVE

მიიღებს თუ არა რუსული FSB პერსონალურ მონაცემებს საქართველოდან - Yandex-ის განმარტება

01 სექ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
მიიღებს თუ არა რუსული FSB პერსონალურ მონაცემებს საქართველოდან - Yandex-ის განმარტება

Yandex Go Georgia-ში ირწმუნებიან, რომ საქართველოდან მომხმარებლების მონაცემები, არც ახლა და არც მომავალში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) არ გადაეცემა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოში Yandex ტაქსის სერვისს ჰოლანდიური კომპანია Ridetech International B.V. უზრუნველყოფს, რომელიც მომხმარებელთა მონაცემებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამუშავებს.

„რუსეთის ფარგლებს გარეთ, მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემების მოთხოვნა, ისევე როგორც ადრე, შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნითა და დადგენილი საერთაშორისო პროცედურების გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ინტერპოლიც ჩართულია“,- განმარტავენ კომპანიაში.

კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Yandex Group-ის საკუთრებაში არსებული ტაქსის სერვისი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ფინეთში და ევროპულ მარეგულირებლებთან აქტიურ კონტაქტზეა.

„კომპანიამ მათ [მარეგულირებელს] ევროპელი მომხმარებლების მონაცემების შენახვისა და დამუშავების პროცესების შესახებ ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდა. შედეგად, ფინურმა მარეგულირებელმა დაადასტურა, რომ Yandex-ს მომსახურების გაგრძელება ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეუძლია. მარეგულირებელმა, საქმის განხილვის ვადა სექტემბრამდე გაახანგრძლივა“,- აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, რუსეთში დღეიდან ძალაში შევიდა განკარგულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) ტაქსის გამოძახების სერვისის მონაცემთა ბაზაზე წვდომას აძლევს. განკარგულება შეეხება კომპანია Yandex.go-ს, რომელიც რუსეთის გარეთ 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს. FSB შეძლებს ისეთ მონაცემებზე წვდომას, როგორებიცაა მომხმარებელთა სახელი, ტელეფონის ნომერი, Email-ის მისამართი, საბანკო ინფორმაცია და გადაადგილების მარშრუტი.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე მოკვლევა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმაც დაიწყო. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვეს და საკითხის სრულად გამოკვლევის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების გატარებასაც აპირებენ.