LIVE

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მალე Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება

08 აგვ 202319:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 609
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მალე Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება

2023 წლის პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) Yandex-ის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნება. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. 

ტაქსების კომპანია Yandex-ი რუსეთის გარეთ 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის არიან ისრაელი, ნორვეგია, ფინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, საქართველო და სხვ. შესაბამისად, კონფიდენციალურობის საფრთხე Yandex-ის ქართველ მომხმარებლებსაც ემუქრებათ. 

Yandex-ის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, მონაცემთა ბაზა რუსეთშია. კომპანია კი, თავის მხრივ, მუშაობის რაიმე რუსულ და საერთაშორისო სფეროებად არ იყოფა. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Yandex-ი ფლობს, მათ შორის რუსეთის გარეთ, საბოლოოდ მაინც რუსეთში იგზავნება.

აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის FSB-ს ახლაც შეუძლია. მაგალითისთვის, ეს 2020 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც Yandex-მა პირველად გადასცა სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული და კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან Yandex-ის მონაცემთა ბაზაზე რუსეთის FSB-ს თავისუფალი წვდომა ექნება. 

Yandex-ის ყოფილი ტექნოლოგიური დირექტორის, გრიგორი ბაკუნოვის განმარტებით, FSB-ს Yandex-ის მომხმარებელთა შესახებ პირადი ინფორმაციის მიღება ორი გზით შეეძლება. ერთი მხრივ, FSB-ს შეუძლია სრულად მიიღოს მსოფლიოში Yandex-ის ტაქსების გადაადგილებისა და მათი ყველა მომხმარებლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია. მეორე მხრივ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა დაინტერესებული იყოს კონკრეტული პირებით, რომელთა გადაადგილებასაც მიადევნებს თვალს, მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ Yandex-ის რომელ ტაქსიში, საიდან და რა მიმართულებით გადაადგილდებიან კონკრეტული სუბიექტები.  ბაკუნოვის შეფასებით, მეორე შემთხვევა უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს. იგი აღნიშნავს, რომ ამგვარად რუსეთს ექნება წვდომა და შესაძლოა უთვალთვალოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს. 

თეორიულად, FSB მიიღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც Yandex-ს მომხმარებელთა შესახებ აქვს. მათ შორისაა მომხმარებელთა სახელი, ტელეფონის ნომერი, Email-ის მისამართი, საბანკო ინფორმაცია, და რაც ყველაზე მთავარია, მათი გადაადგილების მარშრუტი.