Binance-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, უმსხვილესმა კრიპტობირჟამ 6.3 მილიარდი დოლარი იზარალა. ამ დრომდე გაყინულია დაახლოებით 3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები. კრიპტობირჟა აცხადებს, რომ დანაკარგი ყველას დაუკომპენსირდება.
"Binance-ის გამოძიების წინასწარი დასკვნები მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ინციდენტი შესაძლოა DevOps ინჟინრის კომპრომეტირებული ლეპტოპიდან გამომდინარეობდეს. ამან თავდამსხმელს საშუალება მისცა, შეეღწია სერვისის კონტეინერში და დაეწყო არაავტორიზებული გატანის ტრანზაქციები. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება იმისა, რომ პირადი საფულის გასაღებებიც კომპრომეტირებული იყო. გამოძიების დასრულებისა და ყველა ფაქტის სრულად დადასტურების შემდეგ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ინციდენტის დეტალურ ტექნიკურ ანგარიშს. წინასწარი მონაცემებით, ჯამური ზარალი დაახლოებით 6.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბლოკჩეინ ინდუსტრიის ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გადავდგით ნაბიჯები დაზარალებული აქტივების გასაყინად. ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის აქტივი გაიყინა ქსელში. Binance სრულად დაფარავს ზარალს SAFU ფონდისა და კომპანიის საკუთარი სახსრებით. მომხმარებლების თანხები უსაფრთხოდაა," განაცხადა Binance-მა და დასძინა, რომ თანხების მოძრაობის გამოძიებისა და მათი დაბრუნების მიზნით, პროცესში უკვე ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ბლოკჩეინ ანალიტიკის პარტნიორები ჩართულნი არიან.
ვინ დგას ჰაკერული თავდასხმის უკან
ბლოკჩეინის მკვლევარებმა, მაგალითად TRM Labs-მა თავდასხმა ჩრდილოეთ კორეულ ჰაკერულ ჯგუფს დაუკავშირეს, სახელად TraderTraitor. ეს ჰაკერული დანაყოფი ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.
FBI-მა წარსულში ამავე ჯგუფს დაუკავშირა Bybit-ის დაჰაკვა 2025 წლის თებერვალში, რამაც კომპანია $1.5 მილიარდით აზარალა.
TRM Labs-ის გაანგარიშებითვე, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, დაახლოებით $6.36 მილიარდის ციფრული აქტივი გავიდა ბაინანსის საფულეებიდან 10 ბლოკჩეინის გამოყენებით და ამ პროცესს დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.
როგორ დაკომპენსირდება დაკარგული თანხები?
კრიპტოაქტივის გაყინვა მას გადარიცხვისგან იცავს, თუმცა მეორე საკითხია, როგორ ანაზღაურდება უკვე გატანილი თანხები. ეს საკმაოდ კომპლექსური სამართლებრივი პროცესია.
“სთეიბლქოინები ყველაზე აღდგენადი აქტივია კრიპტოვალუტებს შორის, რადგან მათ გამომშვები აკონტროლებს. მაგალითად Tether-ს და Circle-ს შეუძლიათ გაყინონ, გააუქმონ ან თავიდან გამოუშვან ქოინები, რაც საშუალებას იძლევა რომ გაყინული USDT ან USDC დაზარალებულს დაუბრუნდეს. თუმცა, ბიტკოინის და ეთერიუმის აღდგენა ბევრად რთულია, რადგან მათ კონკრეტული გამომშვები არ ჰყავთ, ვინც პირდაპირ გაყინავდა აქტივებს მათ დასაცავად. ამის სანაცვლოდ, გამომძიებლები უნდა გაყვნენ აქტივის მოძრაობის კვალს კრიპტოსაფულეებში, კრიპტობირჟებში თუ სხვა კრიპტო სერვისებში სადაც ისინი შეიძლება პოტენციურად გადამისამართდეს," განმარტა TRM Labs-ის ხელმძღვანელმა, არი რედბორდმა CNBC-სთან საუბარში.
საგულისხმოა, რომ ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაკარგული თანხა კრიპტოინდუსტრიის ისტრიაში უდიდესია, თუმცა ის Binance-ს გაკოტრების რისკის წინაშე არ აყენებს. ჰაკერების მიერ წაღებული თანხიდან თითქმის ნახევარი გაიყინა, და დაახლოებით 3.3 მილიარდია დასაბრუნებელი. ამ ფონზე, Binance-ის SAFU ფონდი დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია, და დაახლოებით მესამედის დაკომპენსირებას შეძლებს. არ არის გამორიცხული, კომპანიას ქოინების საკუთარი რეზერვიდანაც დასჭირდეს გაყიდვა დანაკარგების დასაკომპენსირებლად, რაც საბოლოო ჯამში, ბაზარზე, სავარაუდოდ, კრიპტოაქტივების გაყიდვის აქსელერაციას გამოიწვევს.