LIVE

Yandex-ის საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

09 აგვ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
Yandex-ის საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აპლიკაცია Yandex.Go-ს მიერ მომხმარებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომ პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) Yandex-ის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან FSB-ს Yandex-ის მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნება. კომპანია რუსეთის გარეთ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს. FSB-ს წვდომა ექნება ტაქსის კომპანიის მომხმარებელთა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა: სახელი, ტელეფონის ნომერი, Email-ის მისამართი, საბანკო ინფორმაცია და გადაადგილების მარშრუტი.