LIVE

დღეიდან რუსეთის FSB-ს Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ენიჭება

01 სექ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
დღეიდან რუსეთის FSB-ს Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ენიჭება

რუსეთში დღეიდან ძალაში შედის განკარგულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) ტაქსის გამოძახების სერვისის მონაცემთა ბაზაზე წვდომას აძლევს. განკარგულება შეეხება კომპანია Yandex.go-ს, რომელიც რუსეთის გარეთ 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს.

განკარგულების თანახმად, FSB შეძლებს ისეთ მონაცემებზე წვდომას, როგორებიცაა მომხმარებელთა სახელი, ტელეფონის ნომერი, Email-ის მისამართი, საბანკო ინფორმაცია და გადაადგილების მარშრუტი.

როგორც აგვისტოს დასაწყისში რუსულ მედიასთან Yandex-ის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ოფიციალურად ჰოლანდიაშია რეგისტრირებული, მონაცემთა ბაზებს რუსეთში ინახავს. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Yandex-ი ფლობს, მათ შორის რუსეთის გარეთ, საბოლოოდ მაინც რუსეთში იგზავნება.

თუმცა რუსულმა მედიამ მოგვიანებით გაავრცელა Yandex-ის ოფიციალური განცხადება ამ განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებზე. კომპანია ხაზგასმით აცხადებს, რომ FSB რუსეთის გარეთ ვერ შეძლებს მომხმარებელთა მონაცემების მოპოვებას, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების თანხმობის გარეშე.

”მგზავრობის შესახებ მონაცემების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სადაც თავად მგზავრი იმყოფა. ინფორმაციის მოთხოვნა კი, ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისადაა შესაძლებელი“,- აღნიშნულია Yandex-ის განცხადებაში.

ამავდროულად, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex.Go-ს მიერ მომხმარებლების მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, მათ Yandex-სგან ინფორმაცია გამოითხოვეს და საკითხის სრულად გამოკვლევის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების გატარებასაც აპირებენ.

„შემოწმების ფარგლებში, სამსახურმა განახორციელა სხვადასხვა მოქმედება, მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის მიზნით, ჰოლანდიური კომპანიისგან (Ridetech International B.V.), რომელიც მართავს აპლიკაცია „Yandex Go“-ს, გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად ჰოლანდიურმა კომპანიამ ითხოვა დამატებითი ვადა, რომლის წარმოდგენის შემდგომაც, სამსახურის მიერ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა მიზნით განხორციელდება სხვა დამატებითი ღონისძიებები“, - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში და დასძენენ, რომ მათ ინტერესებშია მოკვლევის შემჭიდროებულ ვადებში დასრულება, თუმცა ყველაზე დაგვიანებულ შემთხვევაში, საკითხის შესწავლა ნოემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.