LIVE

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა მანქანებს გააძვირებს - ასოციაცია

12 ივნ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2947

მომავალი წლიდან საქართველოში 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების აკრძალვა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ მანქანებს გააძვირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და შეახსენებს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება, ავტომობილის ფლობას მოქალაქეების მცირე ნაწილი შეძლებს, რაც თავის მხრივ, სატრანსპორტო სფეროში დეფიციტს გამოიწვევს.

ასოციაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვა ტექნიკური ინსპექტირების სფეროში კორუფციის რისკებს გაზრდის. დროთა განმავლობაში სახელმწიფოს მიერ კანონის ადმინისტრირების წნეხის შემსუბუქება კი, რეფორმის ჩავარდნის ტოლფასი იქნება.

ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მოუწოდებს პრემიერმინისტრს, რომ სახელმწიფომ ავტომფლობელებისთვის გარდამავალი 2-3-წლიანი პერიოდი შემოიღოს, რაც საშუალებას მისცემს, მოძველებული ავტოპარკი შეცვალონ.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ პროცესის სტიმულირებისათვის კარგი იქნება, თუ მოცემული ვადის განმავლობაში სახელმწიფო იმპორტირებული ავტომობილების აქციზის გადასახადის ზღვარს მინიმუმამდე დასწევს, რაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც ავტომობილი თვითდასაქმებისა და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, დიდი შეღავათი და პრობლემიდან გამოსავალი იქნება.

ასოციაციის განცხადებით, იციან, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც მოსახლეობა წარმატებული რეფორმით მიიღებს, ხაზინის დანაკლისს რამდენჯერმე აღემატება. 

შეგახსენებთ, მთავრობა საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ზღუდავს.

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზანი ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაა.