„ფინანსთა სამინისტროს უარი დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვრის გაზრდაზე მცდარ და ხარვეზიან არგუმენტებს ეფუძნება," აცხადებს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია, რომელმაც სამინისტროს დამატებული ღირებულების გადასახადის სავალდებულო რეგისტრაციის 100,000-ლარიანი ზღვრის 300,000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით მიმართა.
სამინისტრო კი ამ ინიციატივას მორიგ ჯერზე არ უჭერს მხარს და აცხადებს, რომ:
- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის არსებითმა ზრდამ, შესაძლოა, შექმნას კონკურენციის დამახინჯების რისკი, რადგან ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საქმიანობას, განსხვავებულ საგადასახადო პირობებში აღმოჩნდებიან.
- დღგ-ის სისტემის ფარგლებს გარეთ შეიძლება დარჩეს შედარებით მაღალი ბრუნვის მქონე სუბიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც შესაძლოა შეამციროს ოპერაციების დოკუმენტირების სტიმული და გაზარდოს არაფორმალური ოპერაციების რისკები.
-
საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უკვე მოქმედებს სპეციალური შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, 500 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ფარგლებში, იბეგრებიან 1%-იანი განაკვეთით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც საგადასახადო ტვირთს, ისე ადმინისტრაციულ ხარჯებს და მცირე მეწარმეთათვის ქმნის ერთ-ერთ ყველაზე შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ მოყვანილი არგუმენტები შეიცავს არსებით შეცდომებს, უგულებელყოფს ოფიციალურ სტატისტიკას და მოწყვეტილია რეალურ ბიზნეს-გარემოს.
"ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვარი თითქოს გონივრულ ბალანსს ინარჩუნებს. სიმართლე კი ისაა, რომ დღგ-ის ზღვარი დაწესდა 2005 წელს, მას შემდეგ დღემდე კი ფასები დაახლოებით 2.7-ჯერ გაიზარდა, ანუ მაშინდელი 100 000 ლარი დღეს, სულ მცირე 270 000 ლარია. ამავე პერიოდის განმავლობაში ლარის ნომინალური კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 45%-ით გაუფასურდა. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გონივულ ბალანსზე, როცა ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო დაახლოებით 21 წლის განმავლობაში?" აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვარის ზრდამ შესაძლოა შექმნას კონკურენციის დამახინჯების რისკი - არარეალისტურია და პირიქით, იმ მცირე მეწარმეებს დააბრუნებს თანაბარ კონკურენტულ პირობებში, რომელთა მხოლოდ ნომინალური შემოსავალი გაიზარდა ინფლაციის ზრდის გამო.
"კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გულისხმობს შემდეგს, რომ დღგ-ის ზღვარის გაზრდა დოკუმენტების წარმოების სტიმულირებას შეამცირებს და არაფორმალურ ოპერაციებს წააახალისებს. სინიამდვილეში ყველაფერი ხდება პირიქით. სწორედ არსებული დაბალი ზღვრის გამო ათასობით მეწარმე რეგისტრირდება რამდენიმე ინდ. მეწარმედ ან შპს-დ (ოჯახის წევრებზე), რაც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის გაცილებით დიდ ქაოსს და ჩრდილოვან სექტორს ქმნის. ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდა ბიზნესს აძლევს ლეგალურად, ერთ სუბიექტად გამსხვილებისა და გამჭვირვალედ ოპერირების სტიმულს," - განმარტეს ასოციაციაში.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს დაიწყოს უფრო მკაფიო, სიღრმისეული განხილვა დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვრის გაზრდის თაობაზე.