LIVE

ფულის გათეთრების აღკვეთის რა მოთხოვნები დაარღვიეს პაპაშვილების Whitebit Georgia-მ და სესიაშვილის Werty-მ

21 ივლ 202617:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 114
ფულის გათეთრების აღკვეთის რა მოთხოვნები დაარღვიეს პაპაშვილების Whitebit Georgia-მ და სესიაშვილის Werty-მ

ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ასევე სულხან და ლაშა პაპაშვილის კრტიპტო კომპანიები 9000 და 3000 ლარით დააჯარიმა. დარღვევა ერთი და იგივეა ორივე კომპანიისთვის, უბრალოდ სესიაშვილის შპს უნოტრონმა, რომელიც ბაზარზე კრიპტო ბირჟა Werty-ს სახელით ოპერირებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნა სამჯერ დაარღვია და ამიტომ 3-ჯერ 3000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პაპაშვილების Whitebit Georgia-მ - ერთხელ.

რა დაარღვიეს კომპანიებმა 

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა:

ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი), აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება. 

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები:

ანგარიშვალდებულმა პირმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურს მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ესაჭიროება საეჭვო გარიგებების გამოვლენისა და ანალიზისთვის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).

"საეჭვო გარიგება" -ს კანონი ასე განმარტავს: გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას.

შესაბამისად, გამოდის, რომ პაპაშვილების და სესიაშვილის კომპანებმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მოთხოვნის მიუხედავად არ წარუდგინეს დოკუმენტაცია იმ ტრანზაქციებზე, რომელიც სამსახურმა საეჭვოდ მიიჩნია, უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის გათეთრების ნაწილში. 

შპს ვაითბით ჯორჯიას 30 პროცენტს სულხან პაპაშვილი ფლობს, 20 პროცენტს ლაშა პაპაშვილი, ხოლო 50 პროცენტს - უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი. ამ უკანასკნელთან ერთად ფლობენ პაპაშვილები ჰეშ ბანკსაც

შპს უნოტრონის 100 პროცენტის მფლობელი კი ირაკლი სესიაშვილია - ქართული ოცნების დეპუტატი 2016-2020 წლებში. 

იგივე დარღვევით დაჯარიმებული სხვა კომპანიების სია კი ასე გამოიყურება:

  • შპს "ფეიბით ჯორჯია" - ₾3 000
  • შპს "სტელექსი" - ₾6 000
  • შპს "მატიო" - ₾6 000
  • შპს "კრიპტოტექ სოლუშენ" - ₾6 000
  • შპს "კრიპტო ჩენჯ ბათუმი" - ₾9 000 
  • შპს "დიჯიტალ მარკეტს სოლუშენს" - ₾9 000
  • შპს “დიჯითალ პლათფორმ" - ₾3 000
  • შპს შპს "ბიტარ",დაჯარიმდა - ₾3 000 
  • შპს "ბიტანიკა" დაჯარიმდა - ₾3 000 
  • შპს "ბეთქეივ" დაჯარიმდა - ₾3 000 
  • შპს "სპორტ ექსჩეინჯი" - ₾9 000