მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 3.8%-იანი კლებაა. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,9 მილიადი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მეორე კვარტლის შემოსავლებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ია - ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა საქართველოს ეკონომიკას 195 მილიონ დოლარი შეჰმატეს, 12 პროცენტით მეტი, ვიდრე შარშან. თუმცა შენელებულია ზრდის ტემპი, რამდენადაც შარშან მეორე კვარტალში ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების დანახარჯების წლიური ზრდა 26 პროცენტი იყო.
ევროკავშირის შემდეგ, მეორე ადგილზეა რუსეთი - 183 მილიონამდე დოლარის კონტრიბუციით ტურიზმის შემოსავლებში და წლიურად ეს მაჩვენებელიც გაზრდილია - 10 პროცენტით.
ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან ჩამოსული მოგზაურების დანახარჯები - წლიურად 3% და 65%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ დოლარამდე.
10.3 პროცენტით გაიზარდა ტურისტული დანახარჯები აზერბაიჯანიდან, ხოლო სომხეთიდან - 5.6 პროცენტით. თითქმის 50%-იანი ზრდა აქვს უკრაინიდან ჩამოსული ვიზიტორების დანახარჯებს - 54 მლნ დოლარამდე.