CRRC-ის ბიზნეს ომნიბუსის (მაისი, 2026) მონაცემებით, საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება კატეგორიების მიხედვით: მაგალითად, მაცივარი და სარეცხი მანქანა თითქმის ყველა ოჯახშია მაშინ, როცა ცენტრალური გათბობა, მიკროტალღური ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული.
უფრო კონკრეტულად, ცენტრალური გათბობა გამოკითხულთა მხოლოდ 31 პროცენტს აქვს, ხოლო კონდიციონერი - 28 პროცენტს. კიდევ უფრო ნაკლები, 15 პროცენტია იმ ადამიანების წილი, ვისაც სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქვს.
საგულისხმოა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ფლობს ლეპტოპს, კომპიუტერს ან ტაბლეტს, ავტომანქანა კი 55 პროცენტს ჰყავს.

CRRC-ის შეფასებით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ პირველადი მოხმარების ტექნიკით ოჯახები უმეტესად უზრუნველყოფილნი არიან, ხოლო სხვა კატეგორიებში შედარებით დაბალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, მეორე მხრივ კი, ბიზნესისთვის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე მიუთითებს.
ბიზნეს ომნიბუსი ეროვნული მასშტაბის, მოსახლეობის კვარტალური სატელეფონო (CATI) გამოკითხვაა, რომელიც ფარავს მთელს საქართველოს და შედეგები მოსახლეობის წარმომადგენლობითია.