მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს ქონება ერთ დღეში $11.2 მილიარდით შემცირდა.
ფრანგი მილიარდერის ქონება ახლა $191.6 მილიარდს შეადგენს და Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში მე-2 ადგილზე მყოფ ილონ მასკს დაახლოებით $11.4 მილიარდით უსწრებს.
არნოს ქონების შემცირება ფუფუნების სექტორში ბაზრის გარღვევას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, აშშ-ის ეკონომიკის შენელების შიშით აიხსნება.
LVMH, რომლის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნოა, აქციების ვარდნას განიცდის. კომპანიის აქციების ფასი 5%-ით 834.2 ევრომდე დაეცა. ფუფუნების სექტორში ვარდნამ ჯამში $30 მილიარდი შეადგინა.
აპრილის დასაწყისში ბერნარ არნოს წმინდა ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა. ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის შემდეგ, ის გახდა მესამე პირი, რომლის სიმდიდრემ ამ ზღვარს მიაღწია. ამასთან, ის პირველი არაამერიკელი მილიარდერია, რომელმაც ამ მოცულობის ქონება დააგროვა.
არნოს ქონება მიმდინარე წელს $29.5 მილიარდით გაიზარდა. ასეთი მასშტაბური ზრდა LVMH-ის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია. კომპანია, რომელიც, ფუფუნების სხვა საგნებთან ერთად, Louis Vuitton-ის ჩანთებს, Moët & Chandon შამპანურსა და Christian Dior-ის კაბებს ყიდის, გახდა პირველი ევროპული კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა.