LIVE

ბერნარ არნო მე-3 მილიარდერია, რომლის ქონებამ $200 მლრდ-ს გადააჭარბა

05 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
ბერნარ არნო მე-3 მილიარდერია, რომლის ქონებამ $200 მლრდ-ს გადააჭარბა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს წმინდა ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა. ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის შემდეგ, ის გახდა მესამე პირი, რომლის სიმდიდრემ ამ ზღვარს მიაღწია. 

ამასთან, ის პირველი არაამერიკელი მილიარდერია, რომელმაც ამ მოცულობის ქონება დააგროვა. 

ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ის ხელმძღვანელის ქონება $2.4 მილიარდით გაიზარდა და $201.1 მილიარდი შეადგინა.

მიმდინარე წელს არნოს ქონება სულ $39 მილიარდით გაიზარდა. 

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული 74 წლის არნომ გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. მაშინ მან Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს გაუსწრო. 

არნოს სიმდიდრის სწრაფი ზრდა, პანდემიის შემდგომ, ფუფუნების საგნებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. წლის დასაწყისში LVMH-ის აქციების ფასი რეკორდულ დონემდე გაიზარდა, შედეგად, Reuters-ის გათვლებით, ფუფუნების საქონლის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 400 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი განიმტკიცა.

გასულ წელს კომპანიის გაყიდვებმა რეკორდულ 79.2 მილიონ ევროს მიაღწია.

აპრილის ბოლოს, კომპანიების პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდება ნარჩუნდება თუ არა მოთხოვნა ისეთ ბრენდების პროდუქტებზე, როგორიცაა LVMH-ში შემავალი Dior და Tiffany. 

ჩრდილოეთ საფრანგეთში დაბადებულ ბერნარ არნოს განათლება საფრანგეთის უმაღლეს პოლიტექნიკურ სკოლაში აქვს მიღებული. მისი კარიერა საოჯახო სამშენებლო კომპანიით იწყება. არაერთი დაწინაურების შემდეგ, 1978 წელს ის Ferret-Savinel-ის თავმჯდომარე გახდა.   

ექვსი წლის შემდეგ, მან შეიტყო, რომ საფრანგეთის მთავრობა Boussac Saint-Freres-ისთვის ახალ ინვესტორს ეძებდა. ტექსტილის გაკოტრებული ჯგუფის ძირითადი აქტივი ცნობილი ფრანგული მოდის სახლს, Christian Dior-ს მოიცავდა.   

არნომ ჯგუფის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ის ისევ მომგებიანად აქცია და მოდის კომპანიის განვითარებას შეუდგა. 

არნომ LVMH-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა 1989 წელს, ორი წლის შემდეგ, რაც ჯგუფი Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის შერწყმით ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ის კომპანიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.   

არნო დიდი ხანია ევროპის უმდიდრესი ადამიანია. ის არ არის აქტიური სოციალური მედიის არცერთ წამყვან პლატფორმაზე.  

Bloomberg-ის ცნობით, არნო დაქორწინებულია და ჰყავს ხუთი შვილი, ყველა მათგანი ამჟამად მუშაობს LVMH-ში ან მის ერთ-ერთ ბრენდში.

მიმდინარე წლის დასაწყისში ბერნარ არნომ LVMH-ის მეორე უმსხვილესი ბრენდის, Dior-ის გენერალურ დირექტორად თავისი შვილი, დელფინ არნო დანიშნა.