LIVE

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

26 ივნ 202618:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 29
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს
სოფიო მუხულიშვილი,

დიდი ქალაქებიდან მაღალმთიან სოფლებამდე, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული, აქტიური ბიზნესის 90 პროცენტი სწორედ ამ დინამიურ და სწრაფად განვითარებად სექტორს შეადგენს.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები მზად არიან ბიზნესის უფრო მდგრადი მოდელები დანერგონ, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გააკეთონ ინვესტირება და საკუთარი პროდუქცია თუ სერვისი საერთაშორისო ბაზრებზე წარადგინონ. მათი 13 პროცენტი უკვე ახდენს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა უდიდესი ნაწილი ახლა ცდილობს საერთაშორისო საექსპორტო შესაძლებლობების ათვისებას.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „საექსპორტო ბაზრებზე წვდომის“ პროექტის ფარგლებში, მხარს უჭერენ ქართული ბიზნესის ევროპულ მომავალს.

2023 წლიდან, 306-მა საწარმომ მიიღო ტექნიკური დახმარება, ტრენინგი და საკონსულტაციო მხარდაჭერა კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და ექსპორტისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით. აქედან 73 პროცენტი ქალების მიერ დაფუძნებული ბიზნესებია.

ამ მხარდაჭერის შედეგად, შეიქმნა 960 ახალი სამუშაო ადგილი, ოცდახუთმა საწარმომ პირველად დაიწყო ექსპორტი ევროკავშირის ბაზრებზე, ხოლო ექსპორტის შემოსავლები საშუალოდ ხუთი პროცენტით გაიზარდა.

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა საერთაშორისო დღის, 27 ივნისის წინა პერიოდში, ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლები რამდენიმე საწარმოს ეწვივნენ და ამ დახმარების ხელშესახებ შედეგებს გაეცნენ.

სტუმრებს შორის იყვნენ ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, და დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, მათ შემდეგი საწარმოები მოინახულეს:       

  • შპს კოსმო” (თბილისი) – ტრენდული ჩანთებისა და აქსესუარების სწრაფად მზარდი მწარმოებელი, რომლის პროდუქცია წარმატებით იყიდება ჰოლანდიის, დანიის, საფრანგეთის, იტალიისა და აშშ-ის ბაზრებზე. „კოსმო”-ში დასაქმებულია 80 თანამშრომელი, აქედან 88 პროცენტი ქალია.
  • შპს ჯორჯიან ფექიჯინგი” (თბილისი) – ეკო-მეგობრული შეფუთვის მწარმოებელი, რომლის წარმოების პროცესი და ლოგისტიკა ევროკავშირში მიღებული გარემოსდაცვითი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
  • შპს ოქს-ჯენი” (მცხეთა) – ბიოტექნოლოგიის კომპანია, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით, ბიომოლეკულური რეაგენტებისა და დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული მოწყობილობების ექსპორტს გერმანიასა და უნგრეთში ახდენს.
  • შპს „ჩემპი” (სოფელი დიცი, გორის მუნიციპალიტეტი) – ჯანსაღი ხემსის საწარმო, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ სოფელში მდებარეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასაქმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში. საწარმოში დასაქმებულია 13 ადამიანი, აქედან 12 ქალი. „ჩემპის“ გემრიელი და სასარგებლო პროდუქცია აშშ-სა და კანადაში იყიდება, ხოლო სულ მალე გერმანიის ბაზარზეც გამოჩნდება.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ამ ბიზნესებმა წარმოების მოდერნიზება და დანადგარების განახლება შეძლეს, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული სერტიფიცირების პროცესი გაიარეს და მიწოდების ჯაჭვები გააძლიერეს.

წარმოებისა და ექსპორტის ზრდასთან ერთად, ეს მცირე და საშუალო საწარმოები მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობასა  და მეტ სამომავლო პერსპექტივას ქმნიან საქართველოს მდგრადი, მედეგი და ადამიანის ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ამ მცირე და საშუალო საწარმოების მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ევროკავშირი: ეს არის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რათა ამბიციური გეგმები რეალობად იქცეს. ჩვენი მხარდაჭერით, ქართული ბიზნესი ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს, უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და საერთაშორისო ბაზრებს იპყრობს. ამ დახმარების ხელშესახები შედეგები ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში აისახება. გარდა ამისა, კერძო სექტორი უფრო დამაჯერებლად მონაწილეობს საქართველოს მდგრადი და წარმატებული მომავლის მშენებლობაში. ევროკავშირისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა უამრავ წარმატების ისტორიას ითვლის. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ამ წარმატებათა რიცხვშია“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

“მცირე და საშუალო საწარმოებს საკვანძო ადგილი უჭირავთ საქართველოს ეკონომიკური მომავლის მშენებლობაში. ისინი აქტიური ბიზნესის თითქმის 90 პროცენტს შეადგენენ, ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 32 პროცენტზე მეტს ქმნიან და კერძო სექტორში სამუშაო ადგილების 60 პროცენტს უზრუნველყოფენ. ამ ბიზნესებს აქვთ ზრდის, ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო კონკურენციის ამბიცია, თუმცა მხარდაჭერა სჭირდებათ სერტიფიცირებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ახალ ბაზრებზე წვდომისთვის. ამ მხრივ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ დახმარებას შეუძლია ხელშესახები შედეგი გამოიღოს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში რეალური ცვლილება გამოიწვიოს“, - განაცხადა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მომავალი ორი წლის მანძილზე, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კიდევ უფრო გააფართოებენ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას და მეტ დახმარებას გაუწევენ ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნის გზაზე.

ადგილობრივი წარმატებიდან საერთაშორისო ბაზრებამდე

მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი და მამოძრავებელი ძალაა. ქალები ამ ბიზნესების ერთ მესამედზე მეტს, 33.9 პროცენტს ხელმძღვანელობენ, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით (29 პროცენტი), მცირეოდენ ზრდაზე მიუთითებს.

დღეს მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის თითქმის 90 პროცენტს წარმოადგენენ. ისინი ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 32.3 პროცენტს ქმნიან, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების 60 პროცენტს უზრუნველყოფენ და ევროკავშირში ექსპორტის 60 პროცენტს შეადგენენ. [წყარო: საქსტატი]

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის თანახმად, სასმელების წარმოება, ტანსაცმლის წარმოება და IT სერვისების ექსპორტი ევროკავშირის ბაზრებზე გაფართოების პერსპექტიული სფეროებია.

ამავდროულად, ექსპორტის შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებაზე, ლოგისტიკური ქსელების გაძლიერებაზე და ქართული ბრენდების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე.

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო დღე

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 27 ივნისს აღინიშნება. გაეროს მიერ დაწესებული ამ თარიღის მიზანია, ხაზი გაუსვას ამ ბიზნესების გადამწყვეტ როლს გლობალურ ეკონომიკაში, ინოვაციებსა და დასაქმების შექმნაში.   

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ იხილეთ  ვებგვერდზე EU4Georgia.

წვდომა საექსპორტო ბაზრებზე

ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას ემსახურება. ოთხწლიანი (2023-2027) პროექტის ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.