LIVE

რიცხვებით მანიპულირება - TI ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

23 მაი 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 449
რიცხვებით მანიპულირება - TI ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანახმად, ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მანიპულაციურია.

„ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის  270 მილიარდი დოლარი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება.

Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.

"აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის. 

თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი, რითაც რუსეთი ფინანსდება. თუ 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებამდე, რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5% იყო, 2023 წლის მარტში ის 1.9%-მდე შემცირდა. ნომინალურ გამოსახულებაში 21 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

ევროკავშირისგან განსხვავებით, იმპორტში რუსეთის წილი გაიზარდა საქართველოში. საქსტატის მონაცემებით, იმავე პერიოდში, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი - 12.2%. ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ დოლარიდან 151 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 

 პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება.

არსებობს თუ არა ქართული კომპანიების დასანქცირების რისკი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ?

ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს გაურთულებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დღემდე ოფიციალურად გაცხადებული მიზანია.

"უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეაფერხებს, რადგან, ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის", - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს მიიღო. 

"ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

19 მაისს პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა შეასრულა. 

20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო Georgian Airways-მაც. 

ცნობილია, რომ ავიარეისებს ასევე შეასრულებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაგან ფრენების დაწყების შესახებ ნებართვა უკვე მიიღო. Red Wings-ის ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ Red Wings უკრაინის და აშშ-ის ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.