ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება რომ არ არის, ამ აზრამდე ადგილობრივი ბაზრის მომხმარებელი დიდი ხანია მივიდა. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვიც შესაბამისად დალაგდა. “ჯი-თი მოტორსი“ უკვე წლებია მომხარებელს სთავაზობს ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების მოდელებს, რომლებიც ყოველდღიურობას თავგადასავლად აქცევენ და ერთად უყრიან თავს კომფორტსა და ძალას. ამ გენიალური სინთეზის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა Ford Everest-ი. სრული ზომის სპორტულ-უნივერსალური ავტომობილი (SUV), რომელიც „ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში უკვე ოფიციალურად შემოიყვანა.

მსოფლიოს არაერთ ბაზარზე Ford Everest-მა დიდი ხანია დაიმსახურა აღიარება და მიზეზიც მარტივია - ის უნაკლოდ აბალანსებს უხეშ, შეუპოვარ გამავლობასა და პრემიუმ კლასის კომფორტს, რასაც სხვა ბრენდები ხშირად ცალ-ცალკე გვთავაზობენ. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური უპირატესობა კლასიკურ ჩარჩოზე აგებული (Body on Frame) მძიმეწონიანი კონსტრუქციაა, რომელიც რთულ რელიეფზე ურყევ გამძლეობასა და უსაფრთხოებას განაპირობებს.

როგორც Ford საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ლალიაშვილი აღნიშნავს, ეს მოდელი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: „Ford Ranger-ის ქართულ ბაზარზე წარმატებული პოზიციონირების შემდეგ, გადავწყვიტეთ ადგილობრივი გაყიდების ხაზი Ford Everest-ით გაგვეფართოებინა, რადგან ეს მოდელები ერთსა და იმავე პლატფორმას ეფუძნებიან. Ford Everest-ის საქართველოში პირველად შემოყვანით ჩვენს ასორტიმენტს ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი შეემატა. ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლისთვის SUV მხოლოდ ვიზუალი და ზომა არ არის. მნიშვნელოვანია რეალური ძალა, საიმედოობა, სივრცე და ის, თუ რამდენად თავისუფლად შეგიძლია ავტომობილი გამოიყენო როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ.“

Ford Everest-ი ზუსტი პასუხია ქართული რეალობისთვის, სადაც დღეს ოფისში ატარებ, საღამოს კი შესაძლოა მთის ვიწრო და რთულ გზებზეც აღმოჩნდე. ამ ავტომობილის ხასიათი ორ განსხვავებულ კომპლექტაციაში იშლება, რათა ყველამ იპოვოს საკუთარი რიტმის შესაფერისი ვერსია.
მათთვის, ვინც აფასებს პრაქტიკულობას, სიმარტივესა და ოპტიმალურ ეკონომიურობას, შექმნილია Everest Active ვერსია. მას 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა აქვს, რომელიც 170 ცხენის ძალას ავითარებს. აღნიშნული მოდელი იმდენად ეკონომიურია, რომ ქალაქსა და ტრასაზე ერთად (კომბინირებულ რეჟიმში) სულ რაღაც 7.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ხოლო მათ, ვისთვისაც კომპრომისი მიუღებელია „ჯი-თი მოტორსი“ სთავაზობს ფლაგმანის Platinum ვერსიას, რომელიც ძლიერი, 3.0-ლიტრიანი V6 დიზელის ძრავითაა წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი 250 ცხენის ძალას და შთამბეჭდავ, 600 Nm ბრუნვის მომენტს ავითარებს. ეს ძალა და ენერგია ყველაზე რთულ რელიეფზეც კი, წამში ხსნის გზას.

Ford-ის გაყიდვების ხელმძღვანელის, დავით ლალიაშვილის თქმით, სწორედ ეს არჩევანი ხდის მოდელს უნივერსალურს: „მომხმარებელს პირველ ეტაპზე ორ განსხვავებულ ვერსიას ვთავაზობთ: Active უფრო პრაქტიკულ და ფუნქციურ არჩევანს წარმოადგენს, ხოლო Platinum 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით და უფრო მდიდარი აღჭურვილობით დამატებით კომფორტსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებასა და დამატებითი კომპლექტაციების შემოყვანასაც. ვფიქრობთ, საქართველოს მრავალფეროვანი რელიეფისა და ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით, Ford Everest-ს ადგილობრივ ბაზარზე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს.“

Everest-ის სალონში ჩაჯდომისთანავე ხვდები, რომ ყველა დეტალზეა ნაფიქრი. შვიდივე მგზავრი (იქნებიან ისინი პირველ, მეორე თუ მესამე რიგში) თავს თანაბრად კომფორტულად გრძნობს. მეორე რიგის სავარძლები მარტივად, ნაწილ-ნაწილ იკეცება, ხოლო მესამე რიგი ღილაკზე თითის მიჭერით, სრულად ელექტრონულად იმართება - გინდა მგზავრი ჩასვი, გინდა საბარგული გაადიდე - ყველაფერი წამებში ხდება! Platinum ვერსია, ორპანელიან პანორამულ სახურავს, ტყავის სავარძლებს, დაახლოებით 31.5-სანტიმეტრიან ციფრული მაჩვენებელთა დაფასა და Bang & Olufsen-ის 12 დინამიკიან პრემიუმ აუდიოსისტემას გვთავაზობს.

თუმცა, სილამაზისა და კომფორტის მიღმა, მთავარი ძალა მის უსაფრთხოებასა და ჭკვიან სისტემებშია. ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, ზოლში მოძრაობისა და ცენტრში შენარჩუნების დამხმარე ფუნქციები, ბრმა ზონის სენსორები, შეჯახების პრევენცია და 360-გრადუსიანი კამერები მძღოლსა და მგზავრებს დაცულობის მაქსიმალურ გარანტიებს უქმნის. ბლოკირებადი უკანა დიფერენციალი და მართვის ექვსი სხვადასხვა რეჟიმი უზრუნველყოფს იმას, რომ არც თოვლი, არც ტალახი და არც უგზოობა არ იყოს შემაფერხებელი ფაქტორი ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისას.
ეს მოდელი თავიდან ბოლომდე ეფუძნება თავისუფლების იდეას და მზად არის ქართული ბაზრის ახალ ფავორიტად იქცეს. Ford საქართველოს შოუ რუმში მისი ნახვა უკვე შესაძლებელია, სპეციალური ფასი კი 103 000 ლარიდან იწყება.
®